აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა უკრაინაში მიმდინარე ომისას NATO-ს ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობას.
ბაიდენის თქმით, პუტინი შეცდა, როცა იფიქრა, რომ NATO-ს დაყოფას შეძლებდა.
“დარწმუნებული ვარ, პუტინს სჯეროდა, რომ NATO-ს დაყოფას შეძლებდა; შეძლებდა აღმოსავლეთ ფლანგის დასავლეთისგან მოწყვეტას, წარსულ ისტორიის გამოყენებით ერთა დახლეჩას. თუმცა, მან ეს ვერ მოახერხა”. – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ბაიდენმა, ასევე აღნიშნა უკრაინელ ლტოლვილთა მიღების აუცილებლობა. მისი თქმით, NATO-ს წევრი სახელმწიფოები უნდა გაჰყვნენ პოლონეთის გზას და მიიღონ უკრაინელი მოსახლეობა.
თეთრი სახლის ლიდერმა, ლტოლვილთა კრიზისი შეადარა აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე არსებულ ვითარებას.
“ჩვენ ვაღიარებთ, რომ პოლონეთი იღებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, რომელიც, ვფიქრობ, მხოლოდ პოლონეთის პასუხისმგებლობა არაა; ეს ყველაფერი NATO-ს პასუხისმგებლობაცაა.
ის ფაქტი, რომ ამდენი, ამდენი უკრაინელი ეძებს თავშესაფარს პოლონეთის ქვეყანაში, ჩვენ გვესმის ეს, რადგან ჩვენს სამხრეთ საზღვარზე ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გვყავს, ფაქტიურად არა გადატანითი მნიშვნელობით, რომელიც ცდილობს შეერთებულ შტატებში შესვლას. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეასრულოს თავისი წვლილი უკრაინის მიმართ, ჩვენი საზღვრების გახსნით კიდევ 100,000 ადამიანისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.