“სოფელ ჯურუყვეთს, ისევე, როგორც საქართველოს სხვა სოფლებს, პრობლემები თითქმის ერთნაირი აქვს _ უგზოობა, უწყლობა. ვინც კი მოვიდა ხელისუფლებაში იწყებს ‘’შენებას’’, ‘’კეთებას’’, მაგრამ მაინც ერთი და იგივეა ყოველთვის საკეთებელი. რა გვჭირს?” _ სოციალურ ქსელში ძველ, 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს სოფლის მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანჩხუთის საკრებულოში ნონა მურვანიძე და იქვე წერს, რომ ეს პოსტი დღესაც აქტუალურია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის მოსახლეობისთვის რომ წყლის პრობლემა ერთ-ერთი მთავარია, სოფლის მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატს მისი სახელისა და გვარის თანამოზიარე ფეისბუქ მეგობარიც ეთანხმება:
“უპატრონოდაა სოფელი! უწყლობა ეს დიდი პრობლემაა. იყო წყალი და გაანადგურეს. ნუთუ, არავინაა ისეთი ადამიანი, ამ პრობლემას რომ მოაგვარებს? ხალხი კოსმოსში გაფრინდა და ამისთანა მილიონი რამ გაკეთდა, ჯურუყვეთს კი წყალი, გზა და გაზი არ ეღირსა, პაპუასებში ხომ არ ვართ?!” _ წერს ნონა მურვანიძე.
“ჩვენთვის არც ერთი მთავრობა არ ყოფილა, თითქოს საქართველოს ნაწილი არ ვიყოთ. ერთი პრობლემა არ მოხსნილა”, _ წერს იქვე კიდევ ერთი ფეისბუქმომხმარებელი მელანო თავართქილაძე.
იმას, რომ ჯურუყვეთის მოსახლეობას წყალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს “გურია ნიუსთან” საუბრისას ადასტურებს საკრებულოს მოქმედი წევრი და ამ სოფლის მკვიდრი ამირან გიგინეიშვილი, რომლის თქმით, წყლის მიწოდების პრობლემა, ფაქტობრივად, სოფლის ყველა უბანს აქვს _ “ან საერთოდ არაა წყალი, ან შეფერხებებით ხდება მიწოდება”.
ჯურუყვეთის მოქმედი დეპუტატის, სპარტაკ კვაჭაძის თქმით კი, გასულ წელს სოფელში 200-ზე მეტ ოჯახს მოუგვარდა წყლის მიწოდების პრობლემა და ამ კუთხით დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება დამდეგი 2020 წლისთვისაცაა დაგეგმილი:
“2018 წელს გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტით, დაახლოებით, 215 ოჯახს მოუგვარდა უწყლობის პრობლემა. სამომავლოდაც არის შესაბამისი უწყებებიდან დაპირება, რომ გახორციელდება საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტი და ჯურუყვეთში თითოეულ მოსახლემდე მივა წყალი”.
დეპუტატისვე ინფორმაციით, გარდა აღნიშნული პრობლემისა, მომავალი წლისთვის ჯურუყვეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელებაცაა გეგმაში:
“2020 წელს სოფელ ეწერიდან ჯურუყვეთის რკინიგზის გადასასვლელამდე უნდა გახორციელდეს გზის სრული რეაბილიტაცია, ამასთან ეტაპობრივად მოწესრიგდება სოფლის შიდა გზებიც”, _ ამბობს სოფლის მაჟორიტარი.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიის პასუხს მოქალაქეთა მხრიდან ზემოთ გამოთქმულ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, თითქმის სოფლის დეპუტატის პოზიციის იდენტურია:
“ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 2018 წელს დაიწყო წყალმომარაგების სამუშაოები, რითაც 215 ოჯახს მოუწესრიგდა წყლის პრობლემა. ამ დროისთვის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და 2020 წელს დაიწყება სამუშაოები, რომელიც ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულს მთლიანად მოიცავს”, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა სულაბერიძემ.