ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა, მოგილოცოთ, მინდა, მივულოცო თბილისს და თბილისელებს, მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, ამ კონკრეტულ ადგილზე ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, იმ აქტივისტს, ვინც პირველი დღეებიდან ჩართული იყო და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს. მადლობა იმ რიგით თბილისელებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე, გვიცხადებდა მხარდაჭერას და თანადგომას.
მადლობა ინვესტორს, რომელმაც გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და მივაღწიეთ შეთანხმებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ინვესტორისთვის არანაირი კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ არის.
მისივე თქმით, ინვესტორსა და მერიას შორის შედგეს შეთანხმება, რომ მოხდება ადგილმონაცვლეობა.