,,არ ძვირდება მეგობრებო, ტარიფი. ეს ასე რომ ყოფილიყო, ამას მოსახლეობას ვეტყოდი პირდაპირ“,_ ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, 53% პროცენტი სარგებლობს შეღავათიანი ტარიფით ან მგზავრობს უფასოდ და მათ ეს შეღავათი რჩებათ.
“არ ძვირდება მეგობრებო ტარიფი. ეს ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, იმის შესაძლებლობა და იმის უნარი და მაქვს ეს დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი, არ მომერიდებოდა. ეს შეიძლება რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას ვეტყოდი პირდაპირ, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე. 900 ათასზე მეტი ადამიანი გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 53% პროცენტი სარგებლობს შეღავათიანი ტარიფით ან მგზავრობს უფასოდ და მათ ეს შეღავათი რჩებათ. ეს შეღავათები ვრცელდებოდა, მეტროსა და ავტობუსზე. ყვითელ მიკროავტობუსებში მათ 80 თეთრის გადახდა უწევდათ. ამ შეღავათით ჩვენ ინტერგრირება გავაკეთეთ, მეტრო, მიკროავტობუსიც, ავტობუსიც და საბაგიროც ჩართულია ამ პროგრამაში“ – განაცხადა კახა კალაძემ.
წამყვანის კითხვაზე, რომ ერთწლიანი 250-ლარიანი აბონემენტის ყიდვა მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია, ამასღან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა, მოქალაქეებს ურჩია, რომ ბანკებს განვადებასთან დაკავშირებით მოელაპარაკონ
“შეიძლება დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, არ მგონია პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის? ყველა იმ ოჯახს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მათთვის მგზავრობაა ან უფასო, ან პენსიონრები იხდიან 10 თეთრს ან 20 თეთრს, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი”, – თქვა კალაძემ.