“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გამოეხმაურა ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს აფასებს. დედაქალაქის მერობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ თბილისელების მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას პირველივე ტურში შეძლებს.
„2012 წლიდან მოყოლებული, რაც მე პოლიტიკაში ჩართული ვარ, NDI-ის მიერ ჩატარებული არცერთი კვლევა შედეგებს არ ემთხვეოდა, აბსოლუტურად ყველა ცდომილებაში იყო. ეს კვლევები სხვა რამეს უკავშირდება – მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება იმის შესახებ, რომ არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია“, _ განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატის შეფასებით, „ქართული ოცნება“ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და აღნიშნულ პროცესში NDI-ს მონაწილეობას მიესალმება, თუმცა, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.
„მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თბილისის და თბილისელების მხარდაჭერით, არჩევნები დედაქალაქში პირველივე ტურში დასრულდება. თუნდაც ის 30%, რაც კვლევის შედეგებშია მოცემული, მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია, მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასა“ და მის კანდიდატს, ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. თბილისელების იმედი მაქვს, რომ ჩვენ პირველივე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ. მივესალმებით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და აღნიშნულ პროცესში ამ ორგანიზაციის მონაწილეობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, კვლევები ბევრ კითხვას აჩენს და ამ ორგანიზაციის, განსაკუთრებით კი, ქართული ოფისის დისკრედიტაციას იწვევს“, _ განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.