თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გამოგზავნილი ინფორმაციით, კალაძემ ოპოზიციის გეგმების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა: _ ოპოზიციას, როგორც დაშლილს, ასევე გაერთიანებულს, პოლიტიკურ ველზე წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს.
კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით გარედან მითითებებს ელოდება, თუმცა, თვითმმართველობის არჩევნებში, ხალხის თანადგომით, “ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
„რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან თუ გაერთიანებულები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათ პატრონებს ჰქონდათ სურვილი, რომ ერთი პლატფორმა შეექმნათ, ყველა გაერთიანებულიყო, მაგრამ ცხადია, ეს არ გამოსდით. დრო ერთმანეთის ლანძღვაში გაჰყავთ. ოპოზიციას, როგორც დაშლილს, ასევე გაერთიანებულს, პოლიტიკურ ველზე წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს.
რაც შეეხება არჩევნებს, გაურკვეველია მათი მხრიდან რა დამოკიდებულება იქნება, რას გადაწყვეტენ. ცხადია, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ, რადგან საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. შესაბამისად, ელოდებიან, რა მითითებები იქნება გარედან. მათ არცერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვების შანსი არ აქვთ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ იქნება გამარჯვებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, – აღნიშნა ოფიციალური ინფორმაციით თბილისის მერმა კახა კალაძემ.