თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლების ულტიმატუმს _ ტაქსების რეფორმის ორი წლით გადავადებას _ პასუხობს და აცხადებს, რომ „არანაირი რეფორმის გადავადება არ მოხდება“.
„ტაქსის რეფორმა აუცილებლად განხორციელდება. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა სოციალური მდგომარეობა, ამ ყველაფრიდან გამოვედით და მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ტაქსის მძღოლებისთვის დატვირთვა არ ყოფილიყო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მერის თქმით, აზრი იმის შესახებ, რომ თეთრი ფირი ან საღებავი აზიანებს მანქანებს, არის სიცრუე. „პირიქით, ფირი იცავს მანქანას კენჭებისგან და სხვადასხვა დაზიანებისგან“, – აღნიშნა კალაძემ.
ტაქსების მძღოლებს ავტომობილების გადაღებვის ან თეთრი ფირის გადაკვრის არჩევანი მიეცათ, თუმცა მძღოლები ამას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილისთვის ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას.
მათი თქმით, მიუღებელია გადაღებვაც და თეთრი ფირის დაკვრაც, რადგან ეს მანქანებს ფასს დაუგდებს და გაყიდვა იაფად მოუწევთ.
ამჟამად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს. მძღოლებმა მანამდე აქცია აგრარული უნივერსიტეტის წინ გამართეს. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.