დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და აა(ი)პ ქალაქ ოზურგეთის სერვის-ცენტრის სამსახურების თანამშრომლებმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კუსტარულად დამონტაჟებული სავაჭრო კონსტრუქციები დაშალეს, სადაც წლების მანძილზე გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდებოდა.
მოვაჭრეები ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ზემოთ აღნიშნული სამსახურის მიერ არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული. გარდა ამისა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ მოვაჭრეები პირადად გააფრთხილა და სთხოვა ვაჭრობა ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გაეგრძელებინათ.
სიტყვიერი გაფრთხილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ვადა აღდგომის დღესასწაულის ჩათვლით მიეცათ, რის შემდეგაც მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობა უნდა შეეწყვიტათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კანონის შესაბამისად დაჯარიმდებოდნენ.
ბეგლარ სიორიძე, ქალაქის მერი.
“სამწუხაროდ, გარე მოვაჭრეებმა სიტყვიერი გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და აგრარული ბაზრის გარე ტერიტორიაზე ვაჭრობა კვლავ გააგრძელეს. ჩვენ კანონის შესაბამისად მოვიქეცით და გარევაჭრობა ავკრძალეთ. გარდა იმისა, რომ მოვაჭრეები კანონს უხეშად არღვევდნენ, გარევაჭრობას მოყვება სხვადასხვა ნეგატიური შედეგი. პირველ რიგში, არასათანადო პირობებში განთავსებული პროდუქტი ზიანს აყენებს მოქალაქეთა ჯანმრთელობას, ფერხდება, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებათა, ისე ქვეითთა მოძრაობის პროცესი და მახინჯდება ქალაქის იერ-სახე. ჩვენ მოვაჭრეებს შევთავაზეთ ალტერნატიული ფართები, სადაც საშუალება აქვთ მოწესრიგებულ გარემოში ივაჭრონ”.
მოვაჭრეები ბაზარის შიდა ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში გადასახადისგან სამი თვის მანძილზე განთავისუფლდებიან. აღსანიშნავია, რომ ბაზარში დახლის დღიური გადასახადი 90 თეთრია. (R)
Developed By Web Features 2024 © All rights reserved