პაპაჩემის მამა, იოსებ ადამიძე, ყასაბი იყო და ცოლ-შვილი ჰყავდა. წარმოსადეგი კაცი ყოფილა, კარგად ცეკვავდა თურმე და ქალები, როგორც ბუზები თაფლს, ისე ესეოდნენ. ერთხელაც სადღაც და როგორღაც გაიცნო ნინო ფორაქიშვილი, დავით სარაჯიშვილის მეუღლის ეკატერინეს ბიძაშვილი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთმანეთი შეუყვარდათ და ნინო იოსებმა თავისი მეუღლის, პელაგიას, გვერდით ოთახში მოათავსა.
ფორაქიშვილებში ატყდა ერთი-ვაიუშველებელი, ბევრს ეცადნენ ქალის დაბრუნებას, მოსკოვიდან ნინოს ძმა, ცნობილი კომერსანტი, რომელსაც აბრეშუმის ფაბრიკები ჰქონდა რუსეთში და პოლონეთში, ჩამოვიდა. დას შეხვდა, გაანებე მაგ ყასაბს თავი, მოსკოვში წაგიყვან ცხოვრებას აგიწყობ და გაგათხოვებო. ქალმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – ეს კაცი მიყვარსო, გამანებეთ თავიო. თავი მართლაც გაანებეს – დედამისმა ცოცხლებიდან ამოწერა და საკუთარი შვილი ცხრა წლის შემდეგ მხოლოდ ეკლესიაში კუბოში დასვენებული ნახა (ის მშობიარობას გადაჰყვა). იოსები თავის ოჯახობასთან ერთად ნავთლუღში ცხოვრობდა და უბნის მოსახლეობამ თურმე შვებით ამოისუთქა, ვინაიდან თუ ვინმეს წერილი, ან დოკუმენტი ჰქონდა წასაკითხი-გადასათარგმნი, ან რაიმე დოკუმენტი შესადგენი, ყველას ნინოსთან მიჰქონდა. ნინოს გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული და უბადლოდ ფლობდა რუსულსა თუ ფრანგულს.
ნინოს შვილები, მათ შორის პაპაჩემი, რომელსაც მეტსახელი ჰქონდა ლამაზ რეზო, პელაგიამ გაზარდა და როცა ნინოს ძმამ მოინდომა მათი მოსკოვში წაყვანა – განათლებას მივცემ, ფეხზე დავაყენებო, უარი მიიღო – ჩემ გაზრდილებს ვერ გაგატანო. მრავალი წლის შემდეგ ნეპის (1921 წლის 15 მარტს, ანუ იმავე პერიოდში როცა ქვეყნის ოკუპაცია მოხდა, რუსეთში გამოცხადდა ნეპი (НЕП – Новая экономическая политика –ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც თავიდან უნდა აეცილებინა საბჭოური ეკონომიკის ჩამოშლა – სამოქალაქო ომის შედეგად რუსეთი ნანგრევებად იყო ქცეული და ლამის მთელი ყოფილი იმპერია შიმშილობდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ,,გაუმართლა”, რადგან, კომუნისტური მმართველობის ისტორიაში ნეპ-ის პერიოდი ყველაზე ლიბერალურად ითვლება) პერიოდში, პაპაჩემს საკუთარი მაღაზიის გახსნა სურდა და აღმასკომში თუ რაიკომში, მთხოვნელთა უზარმაზარ რიგში ჩადგა. ყველა მსურველს თურმე ჩინოვნიკი (რომელიც ფორაქიშვილების ნათესავი აღმოჩნდა და რეზომ ეს იცოდა) უარით ისტუმრებდა – რა მაღაზია, რის მაღაზიაო. როცა ჯერი პაპაჩემზე მიდგა, მასაც უარი უთხრა. მაშინ პაპაჩემმა ჯადოსნური სიტყვები წარმოთქვა – მე ნინოს შვილი ვარო. კაცი გამოექანა, გადაეხვია, აკოცა და პაპაჩემმა მაღაზიაც დაირტყა. თანაც სად, შიგ ცენტრში, თავისუფლების მოედნის გვერდით ქუჩაზე.