ალბათ, გახსოვთ საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი გახმაურებული კინოსურათი „კანონიერი ქურდები“. ამ ფილმში ქართველი მსახიობი გია ლეჟავა ქურდი რამზესის როლს ასრულებდა. ბევრმა არ იცის და ბატონ გიას თავდაპირველად თურმე სომეხი აშოტას როლი უნდა ეთამაშა. ალბათ უმჯობესი იქნება თუ ამ ისტორიას თავად გია ლეჟავა მოგვიყვება.
„რუსულ მხატვრულ სურათში „კანონიერი ქურდები“ გაფტთან მაქვს სცენები, რომელიც ბოლოს კლავს ჩემს გმირს. არსებობს ასეთი ქურდი – ლაკობა, რომლის პროტოტიპსაც გაფტი თამაშობდა. ნაწარმოების ავტორი აფხაზი მწერალი ფაზილ ისკანდერი იყო და სცენარში გამოყვანილი ჰყავდა ვინმე აშოტა – სომეხი, რომლის როლიც მე უნდა მეთამაშა.
მოდით, ეროვნებას ნუ დავაკონკრეტებთ-მეთქი, _ ვუთხარი. სომხებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს და არ მინდა, უარყოფითი სომხის როლი განვასახიერო-თქო. მაშინ ქართველი იყოსო. გავგიჟდი, სომხის როლის განსახიერება არ მინდა და ქართველს როგორ მთავაზობთ-მეთქი? მერე მე თვითონ მოვიგონე ეგვიპტელი ფარაონის სახელი _ რამზესი… ქურდებს უყვართ „კლიჩკები“…“