საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაჩქარებულად და ფარულად მიღებულმა ცვლილებებმა კრიტიკის ქარიშხალი გამოიწვია.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებები მოხელეებზე ზეწოლის გაზრდას და საჯარო სამსახურის კიდევ უფრო პოლიტიზირებას ემსახურება.
სხვა მნიშვნელოვან პრობლემასთან ერთად, ერთ–ერთი საკითხი, რამაც დიდი ყურადღება მიიქცია, ისაა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება. თუმცა, პრემიერმა კობახიძემ, ამ კრიტიკას “სიცრუე” უწოდა. ის გამოვიდა და ღიად განაცხადა, რომ “გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და მსგავსი ცვლილება კანონმდებლობაში არ შედის“.
“ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ გარკვეულ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში აქვთ წაკითხულის თუ მოსმენილის გააზრების პრობლემა. ისინი ან ვერ, ან არ იაზრებენ ხოლმე წაკითხულს. ამ შემთხვევაში, ეს არის სრული ე.წ. ფეიქი, სრული ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, ცრუ აჟიოტაჟი შეიქმნა ყოველგვარი საბაბის გარეშე“, _ განაცხადა პრემიერმა და საზოგადოების შეურაცხმყოფელი სიტყვები მედიას ოფიციალურადაც დაუგზავნა.
რა იცვლება საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის _ ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსს, თაზო კირტავას ვესაუბრეთ.
თაზო კირტავას შეფასებით, ცვლილებები მნიშვნელოვნად აუარესებს საჯარო მოხელეების უფლებრივ მდგომარეობას:
_ ცვლილებები, რომლებიც უნდა შევიდეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და რომელსაც პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე მხარი დაუჭირა, მნიშვნელოვნად აუარესებს საჯარო მოხელეების უფლებრივ მდგომარეობას ერთი მხრივ და მეორე მხრივ, საჯარო სამსახურის პოლიტიზირების ძალიან მნიშვნელოვან რისკს და საფუძველს აჩენს.
რა არის ის ძირითადი საკითხები, რასაც ეს ახალი კანონი ცვლის? ეს არის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები სტატუსი ანუ დეპარტამენტების უფროსების და მოადგილეების სტატუსი. აქამდე, ეს ადამიანები იყვნენ ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები და ამ ცვლილების შემდეგ, ისინი იქნებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. ვნახოთ, რა განსხვავებაა ამ ორს შორის: ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, არის პირი, რომელიც გარკვეულ დახმარებას უწევს სამსახურის უფროსს და ამ შემთხვევაში, მისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების ვადა მიბმულია მისი სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის ვადაზე. აქ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პირების დათხოვნისთვის, სამსახურიდან გათავისუფლებისთვის აუცილებელი არ არის რომ გარკვეული საფუძვლები არსებობდეს_ სამსახურის ხელმძღვანელს შუძლია 1 თვით ადრე შეატყობინოს, რომ წყვეტს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, მისცეს მას 1 თვის ანაზღაურება და გაათავისუფლოს სამსახურიდან.
_ აქამდე როგორ რეგულირდებოდა სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი?
_ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი იცნობს სამი ტიპის საჯარო მოსამსახურეს: ერთი არის პროფესიული საჯარო მოხელე, მეორე _ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და მესამე _ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. დეპარტამენტის უფროსები იყვნენ პროფესიული საჯარო მოხელეები; შესაბამისად, მათი გათავისუფლება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ კონკრეტული საფუძვლების შემთხვევაში, რაც კანონში მკაცრად არის გაწერილი. და მათი თანამდებობაზე დანიშვნაც შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის შედეგად. ახლა, რადგან გახდნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, მათი გათავისუფლება ბევრად უფრო მარტივია. და ასევე, მეორე მხრივ, მათ ადგილზე სხვისი სამსახურში აყვანისთვის რაიმე კონკურსის ჩატარება აუცილებელი არ არის. სწორედ ამას უკავშირდება ენის საკითხიც იმიტომ, რომ ენის ცოდნა მოეთხოვება საჯარო მოხელეს _ ეს არ შეცვლილა, მაგრამ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არ მოეთხოვება ენის ცოდნა! არც ის, რომ 18 წელს იყოს მიღწეული, არც ის, რომ შესაბამის სერტიფიკატს ფლობდეს! რადგანაც დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები უკვე არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, მათზეც ვრცელდება ეს მოწესრიგება, რომ არ არის სავალდებულო მოთხოვნა ფლობდნენ სახელმწიფო ენას ან იყვნენ 18 წელს მიღწეულები. ეს, სავარაუდოდ, კანონის წერისას ჩარჩათ და არ გაითვალისწინეს, რომ ადმინისტრაციული წესით დასაქმებულ პირებს შორის შემოჰყავდათ დეპარტამენტის უფროსები და ძველი მოწესრიგება დატოვეს, თუ რამე სხვა მიზნით არ არის გაკეთებული, მაგრამ ფაქტია რომ ამ მოცემულობით, რა ფორმაც ახლა აქვს ამ კონონპროექტს არის ასეთი რეალობა: დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილეებს არ მოეთხოვებათ, რომ იცოდნენ სახელმწიფო ენა ან იყვნენ 18 წელს მიღწეულები.
ადმინისტრაციული წესით ინიშნებოდნენ ისეთი პირები, როგორებიც არიან, მაგალითად, მინისტრის მრჩეველი და მრჩეველი შეიძლება იყოს უცხოელი ექსპერტიც. და როგორც ჩანს, ენის ნაწილი დარჩათ და არ შეუცვლიათ.
გარდა ამ ენის ნაწილისა, მნიშვნელოვანი სახიფათო ცვლილება არის ის რომ დეპარტამენტის უფროსების გათავისუფლება, დანიშვნა არის ბევრად უფრო მარტივი. ეს დანიშვნა მიბმულია ხელმძღვანელის ნებაზე, რაც იძლევა უკვე ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების პოლიტიზირების საფუძველს.
ამას გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო რეორგანიზაციის საკითხს. აქამდე, რეორგანიზაციის შემთხვევაში თუ ხდებოდა შტატების შემცირება, პირისთვის უნდა შეეთავაზებინათ სხვა ალტერნატიული თანამდებობა ან უფრო დაბალი თანამდებობა და თუ მობილობა ვერ ხერხდებოდა, შემდეგ იყო უკვე შესაძლებელი ამ პირის გათავისუფლება. ახლა ამის ვალდებულება აღარაა. პირდაპირ, რეორგანიზაციის შედეგად შესაძლებელია მოხელის გათავისუფლება და თუ მოხელე გაასაჩივრებს და სასამართლო დაუკმაყოფილებს მას სარჩელს, მას არ აღადგენენ თანამდებობაზე და მიეცემა იმ თვის ხელფასი და კომპენსაცია. “რეორგანიზაციის” შედეგად, შესაძლებელი ხდება, რომ ადამიანები სამსახურიდან მოიშორონ, “გაწმინდონ” პოლიტიკური საფუძვლით და შემდეგ თუ სასამართლო იტყვის, რომ უკანონო იყო ამ ადამიანის თანამდებობიდან გათავისუფლება, ამ შემთხვევაშიც კი, არ აღადგენენ ამ ადამიანს თანამდებობაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები.
ასევე, მნიშვნელოვანია მოხელის შეფასების წესის შეცვლა: აქამდე, მოხელის შეფასება ტარდებოდა წელიწადში ერთხელ; ახლა შემცირდა ეს ვადა, ტარდება 6 თვეში ერთხელ და ხელმძღვანელს შეუძლია შეცვალოს მოხელის შეფასება. და თუ შეფასება უარყოფითი იქნება, მას 20% დაუკავდება ხელფასიდან. შესაბამისად, იქმნება ისევ პოლიტიზირების რისკი. შესაძლოა, რომ ხელმძღვანელი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, ბოროტად იყენებდეს მოხელის შეფასებას და შესაბამისად, ამ პირობებში, მოხელეებიც უფრო დიდი წნეხის ქვეშ იქნებიან _ დამოუკიდებელი აზრის გამოხატვა, კრიტიკული აზროვნება კიდევ უფრო მაღალი საფრთხის შემცველი იქნება მათთვის“, _ ამბობს თაზო კირტავა.
მოდით, ვნახოთ, რა წერია ახალი კანონპროექტის ახალ რედაქციაში. ამ დოკუმენტს ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. ცხადია, საქართველოს პრეზიდენტი ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს; ყაველაშვილს კი, ფორმალურად, 29 დეკემბრის მერე შეეძლება “ქართლი ოცნების” ერთპარტიული ცვლილება დაამოწმოს.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
- მე-3 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ზ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი _ პირი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით და რომელსაც არ უკავია ამ კანონით მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის გათვალისწინებული თანამდებობები; ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ან “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი;”.
- 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“5. სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და იმავე საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობაზე გადასვლისას მოხელეს უნარჩუნდება საკლასო დანამატი. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას მოხელეს უნარჩუნდება საკლასო დანამატი.”.
- 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოხელე ზემდგომი რანგის მოხელის თანამდებობაზე ინიშნება შიდა კონკურსის ან დახურული კონკურსის საფუძველზე. დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან შერჩევას. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.”.
- 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს ან ამავე საჯარო დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.”.
- 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას _ მის თანამდებობაზე დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.”.
- 53-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს 6 თვეში ერთხელ, “პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.”;
ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:
“9. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასების გახორციელებიდან 1 თვის ვადაში.
- მოხელის ამ მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით შეფასების შემთხვევაში მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.”.
- 78-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ე” ქვეპუნქტი:
“ე) საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;”.
- 81-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას, ხოლო იმავე პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადას.”.
- 82-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“დ) შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტისას, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტისას, ხოლო იმავე პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას.”;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.”.
- 104-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ბ) საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შემთხვევაში საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოიძიოს ინფორმაცია საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების შესახებ;
გ) საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შემთხვევაში შტატების შემცირებისას ხელი შეუწყოს შესაბამისი მოხელეების მობილობას საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის მობილობის წესის შესაბამისად.”.
- 110-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით”;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობის განხორციელება შეუძლებელია.”.
- 118-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულების შერწყმის პროცესში ან/და ამ პროცესთან დაკავშირებით მიღებული რომელიმე გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
- ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას _ მის ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ეს პუნქტი არ ვრცელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაზე.”;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
“6. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ იწვევს სამსახურში მის აღდგენას. ამ შემთხვევაში მას ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული პირი მისი თანხმობით ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში.”.
- 1261 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
“21. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს.”.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირი და საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე განწესებული პირი ჩაითვალონ ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირად. ამასთანავე, მათ შეუნარჩუნდეთ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არსებული შესაბამისი შრომის ანაზღაურება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი”
მკითხველს შეუძლია ცვლილებებს გაეცნოს აქ.
ავტორი