საქართველოში მძიმე და მღელვარე დღეები დგას: ათიათასობით ადამიანი, ყოველდღიურად აპროტესტებს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას, რომელსაც ხელისუფლებამ სახელი “შეურბილა“ და ამტკიცებს, რომ კანონი მხოლოდ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებაა.“
ხელისუფლება არ აპირებს გაიწვიოს კანონი, რომლის მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში მედიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეზღუდვის, გაქრობის საფრთხე დგება. ეს პროცესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოახლოებული არჩევნები ფონზე, რომლის კანონიერად ჩატარება მედიის, დამკვირვებლების, ანალიტიკოსების, შემფასებლების, პროცედურების დამცველთა მონაწილეობის გარეშე ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება. ამავე დროს, კანონის მიღებას საქართველოს დემოკრატიული განვითრებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ ევროპის სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკა საქართველოს განვითარების ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში ჯერ კიდევ მოხსენიებულია ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად. არადა, ხელისუფლება უკვე ღიად და საჯაროდ, არ ერიდება უკმეხ, არადიპლომატიურ მიმართვებს პარტნიორების მიმართ. საპასუხოდ, მკაცრი სანქციების გარდაუვალობის შესახებ, ქართველი ხალხის ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები უკვე საუბრობენ. სამაგიეროდ, ყოველდღიურად გვესმის რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების დადებითი შეფასებები, სოციალურ ქსელებში მომრავლდა “რუსული ტანკების“ შემოსვლის მომლოდინე ადამიანების წამქეზებლური პოსტები და კომენტარები.
რადგან ეს ბობოქარი დღეები, როგორც 103 წლის წინ, მთლიანად ცვლის ქვეყნის ისტორიას და ჩვენს მომავალს, გთავაზობთ, ძალიან მოკლედ გადავხედოთ მოვლენათა ქრონიკას.
ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს, 29 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა (ე.წ. “ხალხის ძალის” წარმომადგენლებმა) საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დაანონსეს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის განსახილველად შეტანის სურვილი. გააქტიურდა საუბრები სამოქალაქო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე. მალევე დაიწყო ტერმინის _ “აგენტები” გამოყენება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ. პარტნიორი – ამერიკისა და ევროპის ქვეყნებიდან მოზიდული სახსრები, რომელსაც სახელმწიფო იყენებს ჯარის აღჭურვის, შემოსვისა და გაწვრთვნისთვის, გზების, ხიდების მშენებლობებისთვის, სოფლის მეურნეობაში, განათლების სისტემაში, სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის, “უსაფრთხოდ“ მოინათლა, ხოლო იმავე სახელმწიფოების მიერ დემოკრატიის, მოწყვლადი ჯგუფების, მედიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროების გაძლიერებისთვის გაღებული სახსრები _ “მავნებლურად“. ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა, რომ პარტნიორი ქვეყანები თან მტრობენ საქართველოს, თან _ აძლიერებენ!
სამოქალაქო სექტორის და მედიის “მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევის აუცილებლობის” მოწოდებებს ქმედებაც მოჰყვა და პარლამენტში შევიდა კანონპროექტი.
„ქართული ოცნება“ მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოელი აგენტების“ შესახებ „ამერიკულ კანონს“ უწოდებდა, კანონის მოწინააღმდეგეებმა კი, „რუსული კანონი“ შეარქვეს. ამ პოლემიკაში მოქალაქე ადვილად გაერკვეოდა, თუ კანონპროექტს გაეცნობოდა და ამერიკულ FARA-ს შეადარებდა, რომელიც ძირეულად განსხვავდება ამ კანონპროექტისაგან. ასევე, ხელისუფლება ხშირად ახსენებდა სხვა დემოკრატიული ქვეყნების მაგალითებს, თუმცა, რუსეთის გარდა, არც ერთ სხვა ქვეყანაში, არც ერთი კანონით, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის აგენტურად სტიგმატიზაცია არ ხდება! რადიო “თავისუფლების“ ანალიტიკოსების განმარტებით, “ ამერიკაში, ის კანონი, რაზეც „ოცნება“ მიუთითებს ხოლმე _ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) _ 1938 წელს მიიღეს ნაცისტური გერმანიის ინტერესების წინააღმდეგ. და ის დღემდე, ძირითადად, ლობისტურ კომპანიებს ეხება. ამ კანონის თანახმად, უცხოელი აგენტია ის იურიდიული ან ფიზიკური პირი, ვინც უცხო სახელმწიფოების, ან ამ სახელმწიფოების წარმომადგენლების უშუალო ხელმძღვანელობით, კონტროლითა და მითითებით და მათი ინტერესებისთვის მოქმედებს. მაგალითად, საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, სახელმწიფო ორგანოებს – იქნება ეს უშიშროების საბჭო თუ საქართველოს საელჩო აშშ-ში, ან პოლიტიკურ ფიგურებს, ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილს, წლების განმავლობაში ყავდათ ან ყავთ დაქირავებული ლობისტური კომპანიები, რომლებიც მათი ინტერესების დასაცავად მოქმედებენ. ამ ორგანიზაციების შესახებ, FARA-ში რეგისტრაციისას საქართველოსთან დაკავშირებით ასეთია – „რეგისტრანტი [საკონსულტაციო/ლობისტური კომპანია] დაქირავებულია უცხოელი კლიენტის მიერ, რომელსაც ის უწევს კონსულტაციებს და მას წარმოადგენს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების გასაძლიერებლად. ამ მიზნით რეგისტრანტის ამოცანაა იურიდიული ანალიზი, კონსულტაციები და სტრატეგიის შემუშავება უცხოელი კლიენტისთვის“.მაგალითად, საქართველოს საელჩოს მიერ დაქირავებული Chartwell Strategy Group-ის მიერ ატვირთული დოკუმენტით – ხელშეკრულებით, რომელიც 2024 წლის იანვარში გაგრძელდა, სახელმწიფო და დაინტერესებული მოქალაქე იგებს, რომ ლობისტური კომპანია მომსახურებაში საქართველოს ბიუჯეტიდან თვეში 40 000 დოლარს იღებს და საელჩოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების და ვაჭრობის გაფართოების, ინვესტიციების მოზიდვის, ასევე საზოგადოოებრივი აზრის შემქნელებთან ურთიერთობობაში ეხმარება.იყო უკიდურესი შემთხვევები, როდესაც FARA შეეხო შტატებისთვის მტრული სახელმწიფოების მთავრობის კუთვნილ მედიასაშუალებებს – RT-ს, „სპუტნიკს“ და ჩინეთის CGTN-ს.ესეც იმიტომ, რომ RT, „სპუტნიკი“ და CGTN-ი უშუალოდ შეერთებული შტატებისადმი მტრულ სახელმწიფოთა მთავრობების მიერ პირდაპირ ფინანსდებიან და კონტროლდებიან.FARA არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიას ავტომატურად არ იღებს მიზანში ვინმესგან დაფინანსების მიღების გამო“ _ განმარტავს რადიო “თავისუფლება“.
2023 წლის 7-9 მარტის მასობრივი აქციების შემდეგ, ხელისუფლება გონივრულად მოიქცა, პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო და ის უკან გაიწვიეს. იმის მიუხედავად, რომ თემა თითქოს დაიხურა, გაგრძელდა მესამე სექტორის, მედიის ლანძღვა-გინება; კიდევ უფრო გამძაფრდა დასავლეთის ქვეყნებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ არადიპლომატიური გამოსვლები, ასევე, ყალბი ინფორმაციის ტირაჟირება, რომ “ქართველობას გვართმევენ“, “განსხვავებულ სექსს გვაძალებენ“ და “რწმენის თავისუფლებას გვიკრძალავენ“.გავიდა წელი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, 3 აპრილს, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ გააკეთა განცხადება. კანონპროექტის შინაარსი იგივე დარჩა და მხოლოდ სათაური “დარბილდა“: ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებული იქნა ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. თუმცა, ეს შინაარსობრივად იგივეა, ხოლო ხელისუფლბა უკვე დღეს, მედიასთან საუბრისას ხშირად ყენებს ტერმინს “აგენტები“, “ხალხს და ქვეყნის მტრები“.
ეს კანონი აიძულებს მედია და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად, რომელიც განმარტებით ლექსიკონში აგენტის განმარტებაა. ასევე, აგენტად დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში, აწესებს 25 000-იან, შემდგომ ჯერზე _ 10 000-ლარიან და მალევე 20 000-ლარიან ჯარიმებს; კანონი ამბობს, რომ ყოველ 6 თვეში, სახელმწიფოს შეუძლია (არაა დაკონკრეტებული – ვინ, რომელი უწყება) შევიდეს ამ ორგანიზაციებში, ამოიღოს დოკუმენტაცია, პირადი ინფორმაციები. ორგანიზაციებში შესვლა შესაძლებელია ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, თან ისე, რომ შეტყობინების შინაარსი გაუმჟღავნებელი რჩება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მედია სარეკლამო მომსახურებას გაუწევს ქართულ ფირმას, და ამ ფირმის კაპიტალში უცხოური ფულია (მაგალითად, ბანკი, საამშენებლო თუ ჰიდროენერგეტიკული კომპანია) მედიაორგანიზაცია მაინც აგენტად უნდა დარეგისტრირდეს. თანაც, მხედველობაში არაა მიღებული მთლიანი შემოსავლები _ მთლიან შემოსავალს აკლდება კომერციული შემოსავლები და დარჩენილი თანხის (სხვა სახსრები მედიაორგანიზაციას, უბრალოდ, არ გააჩნია!) 20%-იც კი თუ უცხოურია გრანტის ან უცხოური კაპიტალით მომუშავე ქართული კომპანიის სახსრების სახით, მედიაორგანიზაცია უკვე აგენტად დარეგისტრირებას ექვემდებარება. საინტერესოა, რომ დოკუმენტაციის შენახვა ქართული კანონმდებლობით ორგანიზაციებს 3 წლით ევალებათ. ამ კანონში კი 6 წელი წერია – ეს რუსული კანონმდებლობიდან გადმოტანისას “ჩარჩენილი“ შეცდომაა, რადგან რუსეთის კანონმდებლობაში სწორედ 6-წლიანი ვალდებულებაა!
ასევე, მთავარია, რომ კანონს ენიჭება უკუშექცევითი ძალა _ იმის მიუხედავად, რომ კანონის მიღებას 2024 წელს აპირებენ, იგი 2023 წელზეც ვრცელდება! მნიშვნელოვანია, რომ კანონი მიღებისთანავე ამოქმედდება და სრულად ძალაში მიღებიდან 2 თვეში შედის- ზუსტად საარჩევნო პროცესების წინ! თუ გავითვალისწინებთ, რომ ამგვარ გაუსაძლისს წნეხს მედია და მესამე სექტორი ვერ გაუძლებს, საარჩევნო პროცესი გაშუქების, დაკვირვების, შეფასების, ამომრჩევლის უფლებების დაცვის გარეშე რჩება!
რაც შეეხება “გამჭვირვალობას“, რასაც ხშირად ახსენებს მმართველი გუნდი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი სრულად არეგულირებს მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს _ ისინი ჩვეულებრივ ბიზნესრეჟიმში იბეგრებიან, ხოლო უცხოურ გრანტების შემოსვლა ქვეყანაში სახელმწიფოთა შორის შეთანხმებით ხდება და მას საქართველოს მთავრობა აწერს ხელს. საქართველოში რამდენიმე კანონი აწესრიგებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის საქმიანობას, ხარჯებისა და შემოსავლების დეკლარირება ყოველთვიურად, თეთრებამდე დაზუსტებით კი, დამატებით ყოველწლიურადაც ხდება.
საინტერესოა, რომ ამ კანონით, რეგულაციაში ექცევა მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, გარდა სახელმწიფო აიპებ-ისა და ასევე, სპორტული ფედერაციებისა, რომლებიც მილიონობით უცხოურ თანხებს იღებენ, თუმცა, მათი “გამჭვირვალობა“ ხელისუფლებას არ “აწყობს“! ასევე, ამ პერიოდში, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი ე. წ. “ოფშორებიდან“ საეჭვო ფულის საქართველოში დაუბრკოლებლად აკუმულირების შესახებ. ეს სახიფათო კანონი, გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ ხელისუფლება მოსალდნელი სანქციების პირობებში საკუთარი ბიზნესინტერესების დასაცავად ემზადება.
იმისთვის, რომ დეტალურად გაეცნოთ დრაკონულ კანონპროექტს, აქვე გთავაზობთ შესაბამისს ბმულს.
მართალია, მედია, მესამე სექტორი, პარლამენტის ოპოზიციური დეპუტატები მუხლობრივად ცდილობდნენ ცუდი კანონპროექტის განხილვას და საფრთხეების არგუმენტირებას, სპიკერები მმართველი პარტიიდან და ხელისუფლებიდან მონოტონურად იმეორებდნენ, რომ “არგუმენტები არ მოუსმენიათ“.
ამ რთულ ვითარებაში, პარტნიორი ქვეყნების მთავრობები ზედიზედ გამოვიდნენ და საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, არ დაეშვათ შეტევა მედიასა და მესამე სექტორზე, პატივი ეცათ საკუთარი კონსტიტუციისთვის და ხალხის ნებისთვის, რომელმაც რუსულ ჭაობში ცხოვრებას ევროპული მომავალი ამჯობინა.
ისინი მიუთითებდნენ, რომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან და ღირებულებებთან. ცრუპროპაგანდის საწინააღმდეგოდ, ამბობდნენ, რომ ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს “უცხოური აგენტის” სტატუსს ანიჭებს. მანამდე, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლომ მიიჩნია, რომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონი, რომელიც უნგრეთმა მიიღო, არღვევდა ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 63-ე და ძირითადი უფლებების შესახებ ევროპის კავშირის ქარტიის მე-12 მუხლს. ECJ-ს გადაწყვეტილებამ და მის აღსასრულებლად ევროკომისიის მიერ დაწყებულმა დარღვევის პროცედურამ აიძულა უნგრეთი, გაეუქმებინა არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო რეგისტრაცია და მათთვის ამგვარი იარლიყის მინიჭება. ამგვარი კანონის მიღება რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სცადა, მაგრამ მისი განხილვა ორჯერ ჩავარდა.
დასავლური სამყაროსთვის გამაოგნებელი იყო საქართველოს მთავრობის ნაბიჯები, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, ქვეყანამ წევრობის განაცხადი წარადგინა, ახლა კი თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს მტრებად, აგენტების დამფინანსებლად და საქართველოს სუვერენიტეტის საფრთხედ მოიხსენიებს. ხისტი და მტრული იყო კობახიძის რიტორიკა ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის თანამდებობების მიმართ. მან დიპლომატიური ეტიკეტის რული იგნორირებით უპასუხა ვაშინგტონს, რომ “ საკუთარი საქმეებისთვის მიეხედა“. ანალოგიური იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა საფრანგეთის სახელმწიფოსადმი.
პოლემიკა “გამჭვირვალობაზე“ დასრულდა 29 აპრილს, როცა რეგიონებიდან ჩაყვანილი საჯარო მოხელეების, ადმინისტრაციული რესურსის და მომხრეების წინაშე გამოსვლისას, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ სრულიად გულწრფელად და ღიად ისაუბრა კანონის მიღების ნამდვილ მიზეზებზე: გვაწუხებს კრიტიკული მედია, გვაწუხებს საზოგადოებრივი ორგანზაციები, რომლებსაც შეუძლიათ დააფიქსირონ მომავალ არჩევნებზე მოსალოდნელი დარღვევები. ამ დარღვევების აღნუსხვის საფუძველზე კი, დასავლური ქვეყნების სადამკვირვებლო მისიები აღიარებენ ან არ აღიარებენ არჩევნებს. ეს საფრთხეში აგდებს “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას, რაც დაუშვებელია. ამიტომ, უნდა გაქრეს კრიტიკული მედია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ხოლო არჩევნების შემდეგ გასამართლდეს “ნაცმოძრაობის“ და მისგან წარმოშობილი პარტიები. რაც შეეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს, ამაზე 2030 წლის მერე ვისაუბროთო. აქვე მან გაკვრით ახსენა ევროპის მიერ მისთვის დაწესებული დე ფაქტო სანქციები – საუბარია შვეიცარულ ბანკზე, რომელიც გაკოტრდა და ივანიშვილის იქ განთავსებული 2 მილიარდი “გაყინულია“ სასამართლო პროცესების დასრულებამდე.
ამდენად, “გამჭვირვალობაზე“ აპელირებას საფუძველი გამოეცალა. რაც შეეხება ნახსენებ ორ მილიარდს, ეს თემა უფრო დეტალურად კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას გაშალა და თქვა, რომ ევროპამ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ფული წაართვა და მათთან საუბარს მხოლოდ ამ თანხის დაბრუნების შემდეგ გააგრძელებენ.
ეს თემა ასევე გახდა ამერიკელი მაღალჩინოსნისთვის წაყენებული წინასწარი პირობა – პარტიის საპატიო თავმჯდომარე ამერიკულ მხარეს მხოლოდ ფულის დაბრუნების შემდგომ შეხვდებოდა.
სანამ ამერიკელი ჩინოსანი კობახიძეს ორსაათნახევარზე მეტ ხანს ხვდებოდა, საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით მავნე და ცუდი კანონპროექტი მიიღეს. მოსმენა ფიგურალური სიტყვაა, რადგან უმრავლესობა ჯგუფურად ესხმოდა თავს გამომსვლელ განსხვავებული აზრის დეპუტატებს, უშვერი სიტყვებით აგინებდნენ და იფურთხებოდნენ. უმრავლესობის დეპუტატები განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებდნენ “სერგო ორჯონიკიძესთან“ შედარებაზე.
სხდომაში მონაწილე უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტის შენობაში სპეცრაზმმა შეიყვანა და სპეცრაზმმა გააცილა მათი ძვირადღირებული მანქანების კოლონა. დეპუტატებს დარბაზშიც ესმოდათ შეძახილები, სტვენა, მათ ახსენებდნენ სატელეფონო დარეკვების და გინების, დაშინების, ჩასაფრების და უმოწყალო ცემის ფაქტებს, თუმცა, დღემდე არც ერთი საქმე გამოძიებული არაა.
სამივე მოსმენით კანონპროექტის მიღების შემდეგ, ვეტოს პროცესი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ გამოიყენა ვეტოსთვის კანონით გათვალისწინებული ორკვირიანი დრო. მან მალევე განაცხადა, რომ კანონპროექტს ვეტოს ადებდა, სახელწოდებიდან ბოლო პუნქტამდე, პროექტს მიუღებლად თვლიდა და უკან სწორედ ამ შეფასებით და არა “მოტივირებული შენიშვნებით“ დააბრუნებდა. ამან მმართველი პარტიის გაღიზიანება გამოიწვია _ კანონის მიღება ახლა უკვე სრულად “ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მომავალი თაობების წინაშე.
მკვეთრად უარყოფითია “ვენეციის კომისიის“ დასკვნაც, რომელიც ამ კანონს არადემოკრატიულად, ქვეყნის კონსტიტუციის, რამდენიმე საერთაშორისოდ აღიარებული უფლების დარღვევად მიიჩნევს.
ამის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მზაობა წარმდგენის – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შეურაცხყოფის, მუქარის ფონზე დააფიქსირა. ამ წუთებში კი, პლენარულ სხდომაზე ვეტოს დაძლევის პროცდურა გაიმართება. ამის შემდეგ, ხუთდღიან ვადის გასვლის შემდეგ, თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, იგი პარლამენტის თავმჯდომარის – პაპუაშვილის ხელმოწერით შევა ძალაში და საქართველოს ისტორიაში.
ორად გახლეჩილი, სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული საზოგადოება, ქვეყნის ბუნდოვანი და საშიში ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული მომავალი, ორად გაყოფილი დამოუკიდებლობის დღის ზეიმიც კი – ასეთია ვითარება საქართველოში. ჩვენ ძალიან ბევრი მოქალაქის ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება ჩავიწერეთ გურიაშიც და მკითხველს შევთავაზეთ.
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტებიც გურიაში ცხოვრობენ:
შორენა სიმონიშვილი: “დედამიწამ თქვაო, სინდისი ჩემზე მძიმეაო!” სინდისი უნდა გქონდეს, გრანტის მიმღები ხარ თუ კანონის… ასეა ეს და არ იქნება ასეთი ამბავი. სულ ერთმანეთში ჩხუბობს ეს ორი ძალა. კი, ბატონო, კარგია ახალგაზრდების გამოსვლა, მაგრამ ეს ახალგაზრდები რომ ზუსტად იმავეს იძახიან, რასაც ნაცები, დავიჯერო, არ არიან მათგან მართული? მათი ლიდერები მიუძღვებიან წინ. არ ვიცი… მე მინდა წინსვლა და არა უკან დაბრუნება. უცხოურია თუ საუცხოოა ეს კანონი და მე არ ვიცი. ასეთი კატეგორიული არ უნდა იყოს არც ერთი მხარე. კატეგორიულობას არასდროს არსად არ აქვს შედეგი!”
ლევან თავდიშვილი: “ნებისმიერი კანონი, რომელიც ქვეყანაში გამოიცემა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს და კანონის არსებობა შესაძლებლობას უნდა აძლევდეს ნებისმიერ ხელისუფლებას, რომ აკონტროლოს ქვეყნის უსაფრთხოება. რაც შეეხება ამ კანონს, არაერთხელ წავიკითხე და არაფერი ცუდი იქ არ წერია. რას ქვია რუსული? იგივე კანონები და უფრო მკაცრი აქვთ ამერიკას, ინგლისს და სხვებს. “რუსული” _ ეს სიტყვა არის მანიპულირება, უბრალოდ, საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად”.
მზია რობაქიძე: “მე მეურნე ადამიანი ვარ. სოფელში ვცხოვრობ, შვილი სტუდენტი მყავს _ ილიაუნში სწავლობს. მას ვენდობი. ძალიან კარგად წამიკითხა და ამიხსნა, რომ ეს კანონი რუსული კანონისნაირია. გამჭვირვალობაზე რომ აქვს პრეტენზია მთავრობას, ჯერ თავიანთი ფინანსები გახადონ გამჭვირვალე. დეკლარაციას ვავსებთო, რომ დაუჩემებიათ, როგორ დეკლარაციას ავსებენ? ბევრს რომ უწერია, ვითომ სიდედრმა, სიმამრმა თუ ცოლისძმამ და ბებიამ აჩუქა ქონება, მიწა თუ ფული, სიმართლეა? ამას ხომ ხვდება ხალხი. უბრალოდ, “აპრავებენ” ნაქურდალს. ტყუილში გვაცხოვრებენ. ასეთი ყოფიდან ვერ გამოვედით. ეს ხომ კანონის მორგებაა და გამჭვირვალობასთან არაფერი აქვს საერთო. ჯერ თავად დაგვარწმუნონ, რომ ნაკლებად მომპარავები არიან, ვიდრე ისინი, ვისი ფინანსების გამჭვირვალობასაც ითხოვენ”.
მაია სალუქვაძე: “რატომ უფრთხიან ამ კანონს? იყოს გამჭვირვალე და ვიცოდეთ ყველამ, სად მიდის ეს ფული! არაფერი არაა აქ საყვირალი და საპროტესტო. მიიღონ და თუ მართლა ისეთი უვარგისი იქნება, როგორც ოპოზიცია ხატავს, მერე მოვითხოვოთ მისი შეცვლა. რაა ამაში პრობლემა?!”
საზოგადოების მღელვარება საქართველოს ფარგლებს გასცდა და ცხადია, ქართული დიასპორაც მოიცვა. დღეს გთავაზობთ გერმანიაში მცხოვრები ქეთი ანთაძე–ტამმინგას მიერ “გურია ნიუსისთვის“ გამოგზავნილ მოსაზრებას სათაურით „ეს ბზარი აქ იყო?“ ანუ კი ევროპას“.
„რა უფრო კურიოზულია მმართველი პარტიის სახელში სიტყვა „ოცნება“ თუ ის, რომ რა კრიტერიუმებითაა ეს ოცნება ქართული, არავინ იცის. ევროპული რომ არ არის, იმაზეც ეტყობა, რომ ნაციონალური ზარ – ზეიმით მიღებული ვიზა-ლიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი სულ რამდენიმე დღეში დააყენა მეტად არასიმპათიური კითხვის ნიშნის ქვეშ.
„ევროპა“ დღეს საქათველოში ფეთქებადსაშიში სიტყვაა და მის მიერ გამოწვეული ნგრევის მასშტაბები იმაზეა დამოკიდებული, ვისთან ახსენებთ. სიმაძღრესთან თანშეზრდილ კომფორტში მთვლემარენი ფიქრობენ, რომ ევროპა ქართველობას ისე უტიფრად გვართმევს, საჯარო მოხელის თმენის ვალდებულება რომ არა, ჟურნალისტივით შემოგელანძღებოდა ადამიანს. ევროპას ჩვენთვის წაგლეჯილი ქართველობა რაში სჭირდება, სხვა საკითხია, რომელზე ფიქრის ფუფუნებასაც ნაციონალური IQ კრიზისი არ გვაძლევს.
ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ინტელექტუალური დიფერენციაცია საქართველოს მოქალაქეების პოლარიზაციაა. დაპურებულებს ორაზროვანი კანონი არც აინტერესებთ და მით უმეტეს, არც აწუხებთ. მეორე მხარეს დგანან ისინი, ვისი პურით გაჩუმება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, დღის წესრიგში აღარ იქნებოდა ბლიც IQ ტესტი: „რამდენი ადამიანი ეტევა ერთ კვადრატულ მეტრზე?“ ლარის კურსი ვარდება ამ ბოლოს თუ IQ, ვეღარ გაიგებს ადამიანი. სამაგიეროდ საერთაშორისო ასპარეზზე „ვინარჩუნებთ ღირსებასა და სუვერენიტეტს“; აბა, “საცოდავი საფრანგეთის ან გერმანიის მსგავსად ხომ არ დავთმობთ“?! ვისაც ერთი მადლიანი ადამიანი არ აღმოაჩნდა მთავრობში, რომ უთხრას ამის თქმელს – დამუწეთ პირი, პატივცემულო, გენდერული კვოტა გიჩანთ!
გულუბრყვილო ოპტიმიზმია, მაგრამ, მე მჯერა, რომ ორივე მხარეს უნდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც „ცისფერი მთები“ ერთხელ და სამუდამოდ დაკარგავს აქტუალურობას. სამწუხაროდ, ბზარი საზოგადოებაში მხოლოდ ღრმავდება, გრენლანდია ისევ დამოკლეს მახვილივით იმზირება ზემოდან და ერთ დღეს აუცილებლად დაგვეცემა თავში. საკითხავია მხოლოდ _ როდის?
პარადოქსია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც არც პატიოსანი ხალხის ნაკლებობაა და არც კომპენტენციის, ტრიბუნას ტრადიციულად არ თმობენ ისინი, ვინც „ალაგ–ალაგ კითხულობს ძირითად მომენტებს.“
ირონიაა, რამდენიმე თვის წინ ევროპული პერსპექტივის მიღება ნაციონალური მასშტაბის დღესასწაული იყო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ წარმატებად თვლიდა. წინამორბედების ლანძღვა ტრადიციულად გაგრძელდა მამა და მარჩენალის ნატერფლათათვის პატივის მიგებითა და სამთავრობო დონეზე თავის დაფასებით – ჩვენ სახვეწარი რა გვაქვს, ევროპამ აქეთ უნდა გვეხვეწოს ამ „მაგარი“ წარსულის მქონე ერს, რომ ვიკადროთ!
კიდევ უფრო ირონიულია ის, რომ ამ „მაგარი წარსულის“ მქონე ქვეყნის ერთიანი შიდა პროდუქტი ევროპიდან (ნაწილობრივ არალეგალური) შრომის შედეგად მიღებულ შემოსავლებზე დგას და ინფლაციის ისტორიული დონეზე ჩაძირულ ქვეყანაში, სახელწიფო ხავსის გარანტიც არ არის. მიუხედავად სოციალური და ეკონომიკური მარცხისა, არსებული ბზარი მეორედ შემოპარებული რუსული კანონის მიღებამდე არ იყო ასე ხილვადი, როგორც დღეს.
საქართველოს ევროპა გეოგრაფიულად არ სტკივა. ევროპა იმ იდეალების ერთობლიობაა, რომელიც ადამიანის ღირსეული არსებობის უფლებას არ ართმევს. ევროპაში 2024 წელი კანტის წელია – კანტის, რომელიც ევროპულ პოლიტიკას ჯერ კიდევ მიმართულებას აძლევს. ადამიანი მიზანია და არა საშუალება! საქართველოს ჰყავს დღეს თაობა, ვისაც კანტის კატეგორიული იმპერატივი ესმის და ეს თაობა უკვე მეოთხე კვირაა ქუჩაში დგას.
მათ იციან, სულ რაღაც 3000 კილომეტრის მოშორებით არსებობს ქვეყნები, სადაც გლეხისა და ვიცე კანცლერის შთამომავალიც ზუსტად ერთანაირად შეიძლება ჩაიჭრას გამოცდაზე. იმიტომ, რომ შეფასების კრიტერიუმები ორივესთვის აკადემიური მომზადებაა და არა გვარიშვილობა. ევროპა ძალიან შორსაა იმ ილუზიისგან, რომ თანასწორობა საზოგადოების ფენებს შორის მიღწეულია, მაგრამ პირველი აგურია საზოგადოებრივი შეგნების დონეზეა დადებული _ მშობლის გავლენით აღზევებული ნარცისიზმი ევროპაში სირცხვილია. გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ მშობლის ნაყიდი ბრენდნაწარმი სირცხვილია! ფუქსავატობა სირცხვილია! ვიცე კანცლერის შვილებიც მუშაობენ ოფიციანტებად ან მოლარე–ოპერატორად და ყოველი თვის ოცდამეექვსე ან ოცდამეშვიდე დღეს სიამაყით ითვლიან გამომუშავებულ ხუთას ევროს.
საქათველოს “აყვავებული ეკონომიკის“ სულის ჩამდგმელებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეების ერთ–ერთი ყველაზე უიღბლო ნაწილი, ევროპაში ითხოვს თავშესაფარს. სოციალური ქსელებში უკვე ათასჯერ დასმული შეკითხვა ჯიუტად ტივტივებს: „შვილი მყავს სამკურნალო, დამაკვალიანეთ, ლტოლვილად ჩამოვიდე? საფრანგეთი ჯობია თუ გერმანია, რას მირჩევთ?“ ევროპული ჰუმანიზმისა და ლიბერალიზმის იმედად დარჩენილები ლტოლვილთა ბანაკების უმძიმეს პირობებში ელიან თავანთ რიგს. მძიმედ ავადმყოფი ბევრია, ევროპული რესურსები – შეზღუდული. საკუთარი ქვეყნის მიერ ამოფურთხებულ მოქალქეებს ისევ “გახრწნილ ევროპაში“ უწევთ სიცოცხლისთვის ბრძოლა. ევროპა არ არის პანაცეა და ეს ბრძოლაც ხშირად უთანასწოროა
ამავე “გარყვნილ ევროპაში“, ლტოლვილად შემოხიზნულებს საკუთარი სახსრებით ეხმარებიან, ენას ასწავლიან, დაჰყვებიან სახელმწიფო დაწესებულებებსა და სკოლაში ჩანიშნულ შეხვედრებზე ევროპის „ელჯი-პ-იტი“ მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ ზე–ადამიანობის ამბიცია. ოჯახის სიწმინდის დასაცავად ხელკეტმოღერებულ პატრიოტებს, იმედია, წელს მაინც შეახსენებს ვინმე – Leben und leben lassen – იცოცხლე და აცადე იცოცხლოს! ამ გერმანულ ანადაზაში ემპათია და ტოლერანტობა ერთმანეთს ერწყმის და გამოხატავს იმას, რაც მავანს საქართველოში დღემდე ვერ გაუგია – ევროპა არც ერთი იდენტობის აპლოგეტი არ არის. ევროპული იდეალი არის ინკლუზია _ ჩვენ ყველა ერთად ერთი სახელმწიფოს ასაშენებლად.
ამ საზოგადოებაში ბზარი ჯერ კიდევ სააკაშვილის აბსოლუტური უმრავლესობით არჩევით და მისთვის აბსოლუტური ძალაუფლების მინიჭებით გაჩნდა. ბზარი ღრმავდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, ოდესმე ყველანი დავბერდებით და დაგვჭირდება ქვეყანაში ფუნციონირებადი ჯანდაცვის სისტემა. ქვეყანა, სადაც ბოლო პერანგის ფასად არ მოგვიწევს საკუთარი სიცოცხლის ყიდვა.
ვიცით, რომ საქართველოს ახალგაზრდობა იმსახურებს ღირსეულ სამუშაო პირობებს. ოთხმოც წელს მიღწეული ნაზუქების გამყიდველი სახელმწიფოს სირცხვილია. ღირსების საქმეა საარსებო მინიმუმი ყველა მოქალაქეს ჰქონდეს მაშინ, როცა საახალწლო ნაძვის ხეზე რამდენიმე მილიონი იხარჯება.
სახელწიფო, სადაც საჯარო სამსახური და ფულადი გზავნილებია შემოსავლის ყველაზე სტაბილური წყარო, ამ მდგომარეობიდან ფასადური პოლიტიკით ვერ გამოვა. ბზარი იყო, არის და არც გაქრობას აპირებს, სანამ „ჩემი“ იმდენად არ დაპატარავდება, რომ „ჩვენის“ ადგილი გაჩნდეს“, _ წერს ქეთი ანთაძე–ტამმინგა.