დროებამ შემოგვინახა ფაქტები, როდესაც ქართველი მსახიობები იმ პერიოდში უდიდეს პატრიოტულ-ზნეობრივ მაგალითებს გვიჩვენებდნენ და სიმართლეს დაუფარავად ამბობდნენ. ემანუილ აფხაიძე მსახიობური ნიჭის გარდა გულადობითაც გამოირჩეოდა. 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ოპერის თეატრში გამართულ ერთ-ერთ სახელისუფლო კონცერტზე გამოდიოდა.
ბატონმა ემანუილმა საჯაროდ თითი გაიშვირა ლოჟაში მჯდომ მაშინდელ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნისკენ და ომახიანად წარმოსთქვა ის სიტყვები, რომლებსაც აქტუალურობა ალბათ არც დღეს დაუკარგავს:
“თანამდებობა, დღეს რომ გაქვს,
ხვალ სხვაგან გადაბარგდება,
კაცობა თუ გაქვს დარჩება,
არასდროს დაგეკარგება!”