კავკასიონის ქედის ტერიტორიები, შეიძლება, ასეთად აღარასოდეს გამოიყურებოდეს.
როგორც euronews იუწყება, მყინვარებმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში 320 კვადრატული კილომეტრი ყინული დაკარგა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დიდი კავკასიონის რეგიონში რამდენიმე პატარა მყინვარი უკვე მთლიანად გაქრა.
ამ ცვლილებებს არა მხოლოდ მეცნიერები აფასებენ, არამედ განიცდიან მთამსვლელები, როგორიცაა არჩილ ბადრიაშვილი, რომელიც ხშირად მოგზაურობს მაღალ სიმაღლეებზე.
„ცვლილებები ჩვენში უკვე იგრძნობა, სეზონებიც იცვლება. მთაზე ასვლისთვის უსაფრთხო თვეები აღარ არის, ზვავებისა და კლდეების ჩამოვარდნის საფრთხე იზრდება”,_ ამბობს ის.
“მე თვითონ მინახავს მყინვარების დნობა – მაგალითად, გერგეტის მყინვარი, რომელიც ადრე უზარმაზარი იყო, ახლა ნამდვილად სავალალოდ გამოიყურება. გული მწყდება ამის დანახვაზე. ძნელი დასაჯერებელია, რამდენად შეიცვალა ის 100 წლის განმავლობაში, თუ ასე გრძელდება, მომავალი იქნება ბნელი“, – განაცხადა ბადრიაშვილმა.
ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილებამ ითამაშა როლი იტალიაში, მარმოლადას მთაზე მყინვარის ჩამონგრევაში, რის შედეგადაც 3 ივლისს 11 ადამიანი დაიღუპა. ნგრევა უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურას დაემთხვა.
ინციდენტი აჩენს კითხვას, შეიძლება თუ არა მსგავსი ტრაგედია განმეორდეს.
გლაციოლოგ ლევან ტიელიძის თქმით, კავკასიაში მყინვარები ყველა დონეზე იკლებს, ზოგმა კი 4 კილომეტრზე მეტით დაიწია.
მისი თქმით, იზრდება მყინვარული ტბების რაოდენობაც, რაც ასევე იწვევს პრობლემებს.
„ეს მყინვარები ყოველწლიურად 1%-ზე მეტს იკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი მყინვარი შეიძლება გაქრეს რამდენიმე ათწლეულში და არა 100 წელიწადში, როგორც ადრე ითვლებოდა.
მყინვარები მნიშვნელოვანია გარემოსთვის. ისინი ქმნიან მტკნარი წყლის მარაგს და კვებავენ მდინარეებს. როდესაც მყინვარები დნება, მთის ფერდობები შეიძლება გახდეს არასტაბილური და გამოიწვიოს ზვავი”, – თქვა ტიელიძემ.
იტალიაში დატრიალებულმა ტრაგედიამ შოკში ჩააგდო მსოფლიო, რამაც გამოიწვია დისკუსია კლიმატის ცვლილების გამო გამოწვეული მუდმივად მზარდი საფრთხეების შესახებ. მეცნიერები თვლიან, რომ პრობლემას სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.