Usaid/georgia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ ელჩი კელი დეგნანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში “ნინოს სკოლის“ დამფუძნებელს ნინო ჭანიშვილს ესტუმრა და მისი საქმიანობით დაინტერესდა.
“წარმატებული ბიზნესისა და ეკონომიკური ზრდის მიზნით, USAID ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას საქართველოში.
ერთ-ერთი ასეთი ქალია ნინო ჭანიშვილი, ოზურგეთის ავტო სკოლის დამფუძნებელი. ნინომ დაამტკიცა, რომ ქალსაც შეუძლია იყოს წარმატებული ე.წ. მამაკაცების მიერ დომინირებულ საქმიანობაში. ნინო სხვებსაც უზიარებს გამოცდილებას და სამუშაო ადგილებსაც ქმნის რეგიონში.
დღეს ნინოს აშშ ელჩი კელი დეგნანი ეწვია. ელჩი გაეცნო ნინოს ბიზნესს, ისაუბრეს USAID-ის მხარდაჭერაზე და იმ ქალთა გაძლიერებაზე, რომელთაც მნიშნველოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში.“ – Usaid/Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“გურია ნიუსი“ ნინო ჭანიშვილს დაუკავშირდა.
“ჯერ ემოციებში ვარ. ჩემთვის ერთ-ერთი საპატივცემულო სტუმარი მსტუმრობდა. ქალბატონმა კელი დეგნანმა ჩემგან მოისმინა, როგორ გავხსენი ავტოსკოლა და როგორ აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტში.
წლის ბოლოს ვაპირებ დახურული მოედნის გახსნას და აშშ-ის ელჩი იქ დავპატიჟე. იმედია, ისევ შეძლებს ოზურგეთში ჩამოსვლას“, _ გვითხრა ნინო ჭანიშვილმა
ავტორი: გიორგი გირკელიძე