მაშინ როდესაც ათასობით რუსეთის მოქალაქე გამოვიდა კრემლის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ხაბაროვსკში, კრემლი პროცესებში არარსებულ ქართულ კვალს ეძებს.
რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონში საპროტესტო აქციების მიზეზი ახლადარჩეული გუბერნატორის დაპატიმრება გახდა. სერგეი ფურგალი, რომელმაც 2018 წლის გუბერნტორის არჩევნებში პუტინის პარტიის რჩეული კანდიდატი დაამარცხა, ივლისის თვეში 2004-2005 წლებში განხორციელებულ მკვლელობებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს და მოსკოვის საპატიმროში გადაიყვანეს. მოგვიანებით, პუტინმა რეგიონში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად კრემლთან დაახლოებული პირი, მიხაილ დეგტიარიოვი დანიშნა, რომელსაც მანამდე ამ რეგიონთან არავითარი შეხება არ ქონია. RTVI-სთან ინტერვიუს დროს, რომელსაც Youtube-სა და ტელევიაზიაში ასეულ ათასობით ადამიანმა უყურა, დეგტიარიოვმა საქართველო ხაბაროვსკში მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზებასა და რეგიონში პროვოკაციული ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა.
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც TASS.RU-სა და RIA.RU-ს მიერ გავრცელებულ დეგტიარიოვის ბრალდებებს ხაბაროვსკში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ქართული მხარის მონაწილეობის შესახებ, დეზინფორმაცია უწოდა. განცხადებაში ასევე უარყოფილია მეორე ბრალდება, თითქოს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რუსეთში მოღვაწე ბლოგერი, ალექსეი რომანოვი, საქართველოდანაა.

































































