ხაჭო დიეტური რძემჟავა პროდუქტია. დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას, სპილენძს, ფტორსა და სხვა მინერალებს. ხაჭო, ასევე, შეიცავს B2, B6, B12, PP, E ვიტამინებს, A პროვიტამინსა და ფოლიუმის მჟავას.
ხაჭო კალციუმისა და ამინომჟავების წყალობით ფასდაუდებელი საკვებია ტუბერკულოზის დაავადების, რაქიტის, ძვლების მოტეხილობისა და სისხლის პათოლოგიების დროს, რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა და თირკმლების დაავადების დროსაც.
ხაჭო უნდა შედიოდეს როგორც ჯანმრთელი ადამიანის, ასევე, სამკურნალო დიეტების რაციონში.
ხაჭოს ცილას ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე ხორცის, თევზისა და რძის ცილებს. ამიტომ ხაჭო რეკომენდებულია როგორც ასაკოვანი ადამიანებისთვის, ასევე ბავშვებისთვის ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად. ამ რძემჟავა პროდუქტს აქვს სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის წარმომქმნელი, ნერვული სისტემების ფუნქციის შენარჩუნების უნარი.
ხაჭო სასარგებლოა ღვიძლის, სანაღვლე გზების დაავადებების დროს, ის ამაგრებს ძვლებს, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას, არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, არ უმატებს მჟავიანობას. ხაჭო ძლიერ კონცენტრირებული საკვებია და კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ უნდა მიიღოთ. ასევე ზომიერება უნდა დავიცვათ ნაწლავების დაავადების დროს. ხაჭო მალფუჭებადია, ამიტომ მაცივარში უნდა შეინახოთ, არა უმეტეს 2-3 დღისა.