საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, დიალოგი უნდა გაიმართოს პარლამენტში და არა ქუჩაში. მმართველი გუნდის წარმომადგენელი ოპოზიციას, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა საარჩევნო სისტემის ცვლილებას ქუჩის აქციებით ითხოვს, მოუწოდებს, რომ ის საქმიანობა გააგრძელონ, რისთვისაც ისინი მოსახლეობის ნაწილმა აირჩია:
“დიალოგი უნდა ვაწარმოოთ იმის შესაბამისად, როგორც ეს ეკადრება თანამედროვე სახელმწიფოს. სახელმწიფოს ეკადრება ისე, რომ ეს იყოს შენობაში, პარლამენტში, რისთვისაც ისინი ხალხმა აირჩია. მათ ავიწყდებათ, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელმაც ისინი აირჩია, აირჩია პარლამენტში სალაპარაკოდ, თუნდაც საკამათოდ მწვავე საკითხებზე და არა იმისთვის, რომ ქუჩებში გამოვიდნენ. თუ სურთ, რომ აქციები ქუჩებში იყოს, მაშინ საერთოდ რატომ იბრძვიან, რომ რომელიმე სისტემით მოხვდნენ პარლამენტში,”_ განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლის მისივე ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება, აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, რომელიც ე.წ გერმანული მოდელით ჩატარდება. ხელისუფლების განცხადებით საკითხი დახურულია და 2020-ის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. პარლამენტის პიკეტირების გამო საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქცია ბოლო 2 კვირაში სპეცრაზმის და წყლის ჭავლის გამოყენებით უკვე 2-ჯერ დაშალეს.
წყარო: რუსთავი2