“ხალხში გასვლა დაგვიანებული და სასაცილოა, რადგან არავინ დაიჯერებს, რომ ეს არჩევნებს არ უკავშირდება” – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი, “ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხელისუფლების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ისინი დღეიდან ხალხთან მასიურ შეხვედრებს იწყებენ
„პირველი ტურის შემდეგ „ოცნება” ისევ უშვებს შეცდომებს, როცა მისი მხარდაჭერილი კანდიდატი გამოდის და აცხადებს, რომ პირველ ადგილზე ვარო. თუ დღეს „გაერთიანეული ოპოზიციის” მხარდაჭერილი კანდიდატი მოგებული ჩანს, ესეც „ოცნების” დამსახურებაა, რადგან პირველ ტურში ვაშაძემ მიიღო ხმების მხოლოდ 25%. დანარჩენი არის საპროტესტო ხმები, რომელიც „ოცნებაზე” განაწყენებულმა ამომრჩევლმა მისცა, ანუ „ოცნების” ხმები.
ჩემი აზრით, ახლა ხალხში გასვლა დაგვიანებული და სასაცილოა, რადგან ამას ამომრჩეველი არ დაიჯერებს, პირიქით, იფიქრებს, რომ არჩევნებს უკავშირდება და გამარჯვების შემთხვევაში ისევე იგივეს გააგრძელებენ და უფრო მეტად გაზულუქდებიან.
მეორე ტურამდე დარჩენილ დროში „ოცნებამ” ქმედითი ნაბიჯები თუ რა გადადგა, მარტო ხალხში გასვლა ვერ უშველის, რაღაც კონკრეტული უნდა შესთავაზოს საზოგადოებას; კარგია, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტი გაწვეული იქნა პარლამენტიდან, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სარალიძის საქმე. ის მაინც გააგებინონ ხალხს, ემიჯნებიან თუ არა ფარცხალაძეს და კიდევ ბევრი სხვა საკითხი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაშაძემ გაიმარჯვა, არც ესაა ტრაგედია, პირიქით, შეიძლება „ოცნება” უფრო მეტად მოეგოს გონს და მართლაც დაიწყოს რეფორმები“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
pirveliradio.ge