საქართველოში ტყეს ქვეყნის საერთო ტერიტორიის დაახლოებით 38% უკავია. ტყე მხოლოდ ხეები არ არის და დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების გამორჩეული სახეობების უმეტესობა სწორედ ტყეში ცხოვრობს, ტყე გვეხმარება სუნთქვაში, ტყე მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიმატის დარეგულირებაში, ხელს უშლის წყალდიდობას, აკავებს ქარს და ადამიანისთვის ბევრი სხვა სასარგებლო ფუნქციაც გააჩნია, თუმცა, უმეტესად ადამიანისვე დაუდევრობით ნადგურდება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში, საქართველოში ერთდროულად ხანძრის რამდენიმე კერა არსებობდა – იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის ტყის მასივებში.
გურიაში კი მეხანძრე-მაშველები ავიაციასთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარის ქარსაფარი ზოლის გადარჩენას მესამე დღეა ცდილობენ, მეორე დღეა ასევე ხანძარი მძვინვარებს თავგომშიც. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებს ხელს რთული რელიეფი უშლის.
გარდა ამისა, მეხანძრე-მაშველებს არაერთი მცირე ხანძრის ჩაქრობა უწევთ.
რას უკავშირდება გახშირებული ხანძრები, რამდენად ეფექტურად ახორციელებს სახელმწიფო გარემოს მონიტორინგს და რა უნდა გაკეთდეს ხანძრების შესამცირებლად_ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთვარობოების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორს, რევაზ გეთიაშვილს ესაუბრა.
გეთიაშვილის თქმით, ხანძრის გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი არსებობს. ხანძრები უმეტესად დაუდევრობით ჩნდება, რაც მოსახლეობის დაბალი ცნობიერებით არის გამოწვეული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, დანაშაულის გადაბრალებას და ცნობიერების ასამაღლებლად საჭიროა სახელმწიფო პროგრამები.
„პირველ რიგში ეს ხანძრები არის დაკავშირებული უფრო მეტად თვითონ მოსახლეობის ცნობიერებასთან, თუმცა, ეს არ ნიშნავს გადაბრალებას. ცნობიერების ამაღლებას და განათლებას სჭირდება შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები. გვაქვს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი რაც ხანძრებს იწვევს. პირველ რიგში ეს არის ცუდი, მავნე პრაქტიკა რასაც ჰქვია ფოთლების დაწვა და სასოფლო სამეურნეო მიწების დასუფთავება გადაწვის გზით. ხშირ შემთხვევაში ეს ხდება მიზეზი, როდესაც სასოფლო სამეურნეო მიწიდან ტყეში შედის ცეცხლი და იწვევს ტყის ხანძარს.
მეორე პრობლება არის უკვე რეკრეაცია. რეალურად რეკრეაციული ზონები არის ყველაზე ძლიერ დაბინძურებული ზონები და ეს მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში უკვე გარედან კი არ შედის ცეცხლი, არამედ შიგნით მივდივართ დამსვენებლები და ვქმნით პრობლემებს. რეკრეაცია დაკავშირებულია ცეცხლის დანთებასთან და არ ვიცით ამ ცეცხლის მოვლა. ესეც დაკავშირებულია ცნობიერებასთან, მაგრამ ეს ცნობიერება არ არის მოსახლეობაზე გადაბრალება“,_ ამბობს გეთიაშვილი.
როგორც რევაზ გეთიაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რეკრეაციული გზით გაჩენილი ხანძრების აღმოსაფხვრელად გამოსავალი ორგანიზებული ტურიზმია.
„რეკრეაციასაც სჭირდება მართვა. ორგანიზებული ტურიზმი არის გამოსავალი. ცეცხლის დანთება არ უნდა იყოს ყველგან ნებადართული. მაგრამ როცა არ არის ცეცხლის დასანთები ადგილები გამოყოფილი, გამოდის რომ თავად აკეთებ პროვოცირებას, რომ ცეცხლი იყოს ყველგან დანთებული. საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა, რომ მოსახლეობას შეეძლოს რეკრეაციული ზონით სარგებლობა ისე, რომ ტყეს არ მიაყენოს ზიანი.
ამ დღეებში ხანძრების გამომწვევი მიზეზი არის სწორედ ცნობიერების საკითხი, და ის საგაზაფხულო სამუშაოები რომელიც მასობრივად მიმდინარეობს ალბათ პირდაპირ უნდა დავაკავშიროთ ხანძრის გავრცელებასთან“,_ ამბობს გეთიაშვილი.
CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის თქმით, მხოლოდ ზედამხედველობის მიერ გახორციელებული მონიტორინგი არ არის საკმარისი ხანძრების არ გაჩენის მისაღწევად და სასურველია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ითანამშრომლოს. სასურველია საპატრულო ეკიპაჟებმა რეაგირება მოახდინონ საცხოვრებელი სახლების ეზოებში დანთებულ ცეცხლზე, რომ მოსახლეობამ პასუხისმგებლობა გაიზარდოს.
„მხოლოდ სანქციები საკმარისი არ არის. თუმცა, სანქციებსაც აქვს თავისი პრევენციული დანიშნულება და ცუდი არ იქნება, რომ ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრომ ითანამშრომლოს უფრო მეტად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ზედამხედველობის სამსახურის გარდა მსგავსი ფაქტების გამოვლენაში ჩაერთოს საპატრულო პოლიციაც. ერთი შეხედვით, ეს არ არის პოპულარული განცხადება და არავის არ უნდა მოსახლეობისთვის ამ კუთხით დამატებითი სანქციების და ტვირთის დაწესება, მაგრამ როგორც პრევენცია იმუშავებს. იმედია, რომ არ იქნება იმის აუცილებლობა რომ ფაქტები დადგეს და სისხლის სამართლის კოდექსით დაისაჯონ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ რომ ეს არის დასჯადი და მათ საკუთარ ნაკვეთში გაჩენილი ცეცხლი, რომელიც შეიძლება გადავიდეს ქარსაცავ ზოლზე და იქ გაანადგუროს ტყეები არის დანაშაული, რომელზეც არსებობს სერიოზული საფრთხე, რისკი, რომ რეალურად დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. ეს უნდა გააცნობიერის მოსახლეობამ. ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ ცნობიერების ამაღლების პროგრამები უნდა დაინერგოს და უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საპატრულო სამსახურთან, რომ ამის მონიტორინგი გახორციელდეს. მხოლოდ და მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურს მონიტორინგი გაუჭირდება ამ ეტაპზე და თუ წარმოვიდგენთ, რომ საცხოვრებელ დასახლებულ ზონაში დადის რამდენიმე პატრული და მის დღის წესრიგში სხვა ყველაფერთან ერთად ხდება რეაგირება გაჩენილ ხანძარზე და ამოსულ კვამლზე, ეს რეაგირება თავიდან იყოს გამაფრთხილებელი რამდენიმე ჯერზე და შემდეგ იყოს სანქციები, ამ შემთხვევაში ჩანს, რომ პრობლემა მარტივად მოგვარებადია, ის აღარ გააკეთებს ამას და იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიაზროს თუ რამხელა პასუხისმგებლობაა და რა შეიძლება გამოიწვიოს დაუდევარმა ხანძარმა“,_ ამბობს გეთიაშვილი.
რევაზ გეთიაშვილი ამბობს, რომ ბუნებრივი კატასტროფების მართვა ქმედებათა ძალიან დიდი ჯაჭვია, ქვეყანას უფრო მეტი ხანძრების წინაშე მოუწევს დადგომა, რისთვისაც აუცილებელია იმის გაცნობიერება თუ სად იყო ჩავარდნები გასულ წლებში მომხდარ ცნობილ ხანძრებთან ბრძოლის დროს.
„მონოტორინგის მხრივ ბევრი პრობლემებია, რასაც სჭირდება კარგად გაცნობიერება პოლიტიკის დონეზე. გვექმნება სერიოზული პრობლემები და თავიდან უნდა მოხდეს შეფასება და გადაფასება რამდენად ვართ მზად, რომ ამ პრობლემებს გავუწიოთ სათანადო წინააღმდეგობა და ელემენტალურად ჩავაქროთ ხანძარი. ამიტომ ეს ანალიზი უფრო სიღრმისეულად უნდა გაკეთდეს რატომ ვერ ვახერხებდით 2008 წელს იგივე ხანძრის ჩაქრობას, ამაზე მეტად ბევრი ხანძრები გვექნება და უფრო მეტი კერა, ამიტომ უნდა ვიცოდეთ ის საჭიროებები თუ სად იყო ჩავარდნები, სად იყო სიცარიელე, როგორ შეიძლება ამის აღმოფხვრა. ეს რაც შეეხება რეაგირებას, ბუნებრივი კატასროფების მართვა ძალიან დიდი ჯაჭვია მოქმედებების და ყველგან არის პრობლემა.
პირველ რიგში პრობლემა არის რისკფაქტორების შემცირებაში. რისკები წინასწარ უნდა იყოს შემცირებული. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, სადან ხდება ხანძრის კერის წარმოქმნა, არამედ ეკოსისტემური პრობემები რაც ჩვენს ტყეებში არსებობს და ქმნის იმ პირობებს რომ ხანძარი სწრაფად გავრცელდეს და ტყე ვეღარ უწევს წინააღმდეგობას ამ ხანძარს, იმიტომ რომ ის არის ძლიერ დეგრადირებული. მარტივი წარმოსადგენია, რომ ჯანსაღი ტყე, სადაც არის, მწვანე საფარი ნაკადულებით და წყაროებით, ძნელია იქ ხანძარი გავრცელდეს და გაჩნდეს. მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს გადამხმარ ბიომასასთან, ჩახერგილია ტყეები და იქ უკვე დიდი ხეები აღარ არის შემორჩენილი და ბუჩქნარია, რომელიც გადაიქცევა მკვდარ ბიომასად და არის დაავადებები ბევრი ისეთი ფაქტორია, რაც ქმნის კოცონის დასანთებად მომზადებულ პირობებს, რომ ერთი პატარა ნაპერწკალი და იქ ხანძარი გაჩნდება. ამას უფრო სერიოზული და გრძელვადიანი საქმიანობა სჭირდება, რომ დავიწყოთ ნელნელა ამ ეკოსისტემების გაჯანსაღება. ხანძრები ძალიან მარტივად ჩნდება და ვრცელდება დეგრადირებულ ტყეში და ასეთ ტყეებში ხანძრის ჩაქრობა არის ძალიან რთული“,_ ამბობს გეთიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება დასჯადია. ხაძრების დროსაც ხშირად გვესმის, რომ ფაქტის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, რევაზ გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ხანძრის გამოძიების შესახებ საზოგადოებას არასდროს მიუღია.
„ალბათ დაკავების ფაქტი არც არის, თორემ გვეცოდინებოდა. ყოველ შემთვხვევაში ხანძრების დროს ყოველთვის ვისმენთ ინფორმაციას, რომ ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ და არასოდეს არ მიგვიღია ინფორმაცია, რომ რომელიმე ფაქტი იყო გამოძიებული. არ არის მარტივი როდესაც დიდი ხანძარია გამოძიება ჩაატარო, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებით მეტნაკლებად მაინც არის შესაძლებელი, რაც გამოყენებული უნდა იყოს. ხშირად ადვილად დასადგენია უფრო მცირე მასშტაბის ხანძრებზე, ვიცით როგორ ჩნდება, სად ჩნდება და დაკავშირებულია ამ ადგილობრივი მოსახლეობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან“,_ ამბობს გეთიაშვილი.