მსახიობი მამუკა ლორია სპექტაკლების მიმდინარეობებისას სხვადასხვა ხათაბალაში არაერთხელ აღმოჩენილა. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო და ბატონი მამუკა ამ „ინციდენტებს“ მისთვის ჩვეული იუმორით ყვებოდა.
„ერთ პიესაში ფილოსოფოს, ჭკვიან ლოკოკინას ვთამაშობდი. ერთ-ერთი სპექტაკლის დროს ნამეტანი მთვრალი ლოკოკინა ვიყავი, რომ შევძვერი იმ ნიჟარაში, უკან ვეღარც გამოვძვერი.
მეორე კურიოზსაც მოგიყვებით ამავე სპექტაკლზე. მეორე მოქმედება რომ იწყებოდა, ნელ-ნელა მოვძვრებოდი სცენაზე და ბავშვებს ვეკითხებოდი, ბავშვებო, დავიწყოთ მეორე მოქმედება? ამ დროს მთელი დარბაზი იძახის „დიახ“! პირველ რიგში იჯდა პატარა გოგო, რომელიც გამწარებული ყვიროდა – „არას“. კიდევ ერთხელ ვიკითხე, დავიწყოთ მეორე მოქმედება-მეთქი და ეს ბავშვი ისეთ დღეში ჩავარდა, თმა ყალყზე დაუდგა და არაო, – გაჰყვიროდა. ისე დამღალა მისმა კივილმა, გამწარებული მივუბრუნდი და ვკითხე, რატომ არა-მეთქი! ჩემი ძმა ფისის შვრებაო. მე მგონი, ის ბავშვი დღესაც გაბრაზებულია ჩემზე. აბა, რა მექნა, 800 კაცს ხომ ვერ გავაჩერებდი ფისის გამო?!
ერთი სპექტაკლი იყო კიდევ „მერი პოპინსი“. სცენაზე ჰაერი არასწორად შევისუნთქე და ისეთი ხმა ამომივიდა ყელიდან, სულ ყიყლიყოები გავუშვი. მთვრალი ინდაურივით დავამთავრე ტექსტი და ბიჭებმა გამომაგდეს“.