“საფარი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ თეა გოდოლაძის მისამართით შავი კამპანია მიმდინარეობს, რომლის მიზანიც პროფესიონალი ქალის რეპუტაციის შელახვაა.
“ვეხმაურებით თეა გოდოლაძის წინააღმდეგ აგორებულ შავ კამპანიას, რომლის მიზანი პროფესიონალი ქალის რეპუტაციის შელახვა და მისი გაჩუმების მცდელობაა.
თეა გოდოლაძის ინტერესებს ორგანიზაცია “საფარი” უკვე ერთ წელზე მეტია იცავს. ის პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და აქვს დაზარალებულის სტატუსი. ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამ საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს.
შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებული ქალი ძალადობაში, თუმცა, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა. ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმის გახმაურება არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა თეა გოდოლაძის პროფესიული საქმიანობიდან მისი პირადი ცხოვრებისკენ. აგორებული შავი კამპანიის მიზანია გააჩუმონ პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ღიად და აქტიურად აფიქსირებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს ეკოლოგიისა თუ განაშენიანების საკითხებზე. ის აქამდეც არაერთხელ გამხდარა ვერბალური თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.
სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით კი მედიასა და პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ინფორმაციის დამახინჯებულად და ცალმხრივად გავრცელებისგან”,_ ნათქვამია განცხადებაში.