საქართველოში შესაძლოა, დაუბეგრავი მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდეს. საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა მიმართა.
წინადადებაში წერია, რომ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 5 ლარით უნდა განისაზღვროს, შედეგად თვის განმავლობაში სრული დაუბეგრავი მინიმალური ხელფასი იქნება 800 ლარი.
მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას უნდა დაემატოს საათში – 1 ლარი. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, უქმე დღეებსა და ღამის ცვლაში (22:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე) მუშაობა უნდა ანაზღაურდეს გაორმაგებული დაუბეგრავი მინიმალური საათობრივი ხელფასით.
მოქალაქის წინადადება გულისხმობს, რომ შრომის ანაზღაურება გაიცეს არანაკლებ თვეში ორჯერ. გარდა ამისა, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ნებისმიერი ანაზრაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 1%.
როგორც ცნობილია, საკანონმდებლო წინადადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს, გადაწყვეტილება კი პარლამენტის ბიუროს აცნობოს.