საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2018 წლის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი ,,გურია ნიუსთან“ ოქტომბრის არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატების ძალთა გადანაწილებაზე საუბრობს. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტად ,,შენების მოძრაობის“ ლიდერს, დავით უსუფაშვილს ისურვებდა, თუმცა, მისი თქმით, უსუფაშვილის გამარჯვების შანსი არც ისე მაღალია.
ექსპერტის თქმით, მმართველი გუნდის მთავარი ოპონენტი ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ევროპული საქართველოს“კანდიდატები იქნებიან. მისი განცახდებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე, კონკურენტუნარიანი იქნება დამოუკიდბელი კანდიდატი.
,,ვისურვებდი, რომ უსუფაშვილისნაირი პრეზიდენტი გვყავდეს, მაგრამ მისი ელექტორალური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია და მმართველი გუნდის მთავარ ოპონენტად, ჩემი აზრით, დარჩება ,,ნაციონალური მოძრაობა“, პარტიის ორივე განაყოფი მაქვს მხედველობაში, ჩემთვის ისინი მაინც და მაინც არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ასევე, კონკურენტუნარიანი იქნება ზეპარტიული კანდიდატი, მაგალითად, ელისაშვილი, რომელიც სამობილიზაციო რესურსის გარკვეულ ხმებს წაიღებს, თუმცა, ძალიან ბევრს ვერა, რადგან რესურსების სიმწირე ხელს შეუშლის, რომ ხმების სერიოზული მობილიზაცია მოახდინოს“, _ გვითხრა ხუხაშვილმა.