ისტორიული ცაცხვის ხე, რომელიც გადმოცემის თანახმად, სულ მცირე, 500 წელს უნდა ითვლიდეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ღანირში, დგებუაძეების უბანში დგას. ხე, რომელსაც დიდი გარშემოწერილობა აქვს (ექვსი კაცი ერთად ხელს ვერ შემოაწვდენს), ორ ნაწილად არის გაყოფილი. ფუღურო გაუჩნდა, რომელშიც, ღანირელების თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის ღორები თავს აფარებდნენ. დროთა განმავლობაში დააზიანეს და ერთი ხე, პრაქტიკულად, ორ ნაწილად გაყვეს.
მიუხედავად ამისა, ცაცხვის ხეს სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნებული აქვს.
ცაცხვის სიახლოვეს დგას სახლი, სადაც დაიბადა და გაიზარდა დათო დანელია, კინოფილმ ,,მამლუქის” მთავარი გმირი, პატარა ხვიჩა. აქვე ცხოვრობდა კოკინია, იგივე ნიკოლოზ დგებუაძე, მწიგნობარი აგრონომი. ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი და თანამებრძოლი, მეცენატი. განათლება სოფლის მეურნეობის განხრით საფრანგეთის ქალაქ მარსელში ჰქონდა მიღებული. 1924 წელს ოჯახმა რეპრესია განიცადა. იმერეთის თავადის, ნიკოლოზ დგებუაძის ორი შვილი 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო ბოლშევიკებმა გასამართლების გარეშე დაუხვრიტეს.
კოკინიას სახლში ხშირად სტუმრობდნენ, აკაკი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, დები იშხნელები. დები იშხნელებიდან ერთ-ერთი ამ ოჯახის რძალი იყო.