ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება, _ ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება როგორც თბილისს, ისე რეგიონებსა და საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებს ეხება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ.
მათივე განმარტებით, დღეს პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტურად იყოს აღსრულებული აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია.
„მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ამ პროცესში სახელმწიფო რწმუნებულები შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმოქმედებენ“, _ აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.