ცნობილი გახდა, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „სერია A“-ს ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშის პრიზზეა ნომინირებული.
გამარჯვებული იტალიის ჩემპიონატის ვებგვერდზე გულშემატკივართა გამოკითხვით გამოვლინდება, რომელშიც ხმის მიცემა ნებისმიერს შეუძლია. ქართველს ხუთი კონკურენტი ჰყავს: კრისტიან პულიშიჩი („მილანი“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), მატიას სულე („ფროზინონე“), გლეისონ ბრემერი („იუვენტუსი“) და რიკარდო ორსოლინი („ბოლონია“).
გასულ სეზონში ეს გამოკითხვა კვარაცხელიამ სამჯერ მოიგო, მიმდინარე სეზონში კი ნომინირებულთა შორის პირველადაა.
გუშინ, გამოცემა „Sky Sport“-ის ჟურნალისტმა დავიდე კამიჩოლიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
„იმედი მაქვს, ეს კვარაცხელიას სეზონი იქნება, რომელშიც შეძლებს იმ დონის დადასტურებას, რაც გასულ სეზონში აჩვენა. „მილანთან“ მან დიდებული თამაში აჩვენა, მას საოცარი მოძრაობები და ტექნიკა აქვს. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გადამწყვეტი ფეხბურთელი გახდეს. მიმაჩნია, რომ ასეთ კარგ ფორმაში მყოფი კვარაცხელია შეიძლება სტიმული იყოს ოსიმენისთვის, როცა ის დაბრუნდება“, – განაცხადა დავიდე კამიჩოლიმ.
იტალიურმა გამოცემამ „La Repubblica“ კი „ნაპოლის“ შესახებ წერილი გამოაქვეყნა.
„პირველ ადგილთან შვიდქულიანი დაშორება ნაკლებად შემაშფოთებელია, იმის გათვალისწინებით, რომ სკუდეტოს შენარჩუნება პრიორიტეტად არ მიიჩნევა და თავიდანვე მიხვდნენ კლუბში, რომ ზედიზედ მეორედ ჩემპიონობა სპორტული სასწაული იქნებოდა. თუმცა, „აძური“ აუცილებლად უნდა მოხვდეს საუკეთესო ოთხეულში და ამ მიზეზით პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა რუდი გარსია და მისი სტაფი ისევ გამოცდის ქვეშ დააყენა. შედეგად, დელიკატური სიტუაციაა, რადგან ფრანგი მწვრთნელი კვლავ იძულებულია სამსახურის შესანარჩუნებლად სალერნოში მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაათავისუფლონ“, – წერს გამოცემა.
რამდენიმე დღის წინ, წინ ბრიტანულმა გამოცემამ, „90min“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლონდონის „ჩელსის“ სკაუტები ბილბაოს „ატლეტიკისა“ და „ვალენსიას“ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, სადაც გიორგი მამარდაშვილისა და უნაი სიმონის თამაშს აკვირდებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ „ჩელსიმ“ ზაფხულში რობერტ სანჩესი და ჯორჯე პეტროვიჩი გაიფორმა, ლონდონელები გრძელვადიანი პერსპექტივით მეკარეს მაინც ეძებენ და ქართველი მეკარე მათი პრიორიტეტი იყო. ინგლისური გრანდის წარმომადგენლები შეხვედრაზე „ვალენსიას“ მეკარეზე დასაკვირვებლად მივიდნენ, მაგრამ შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ინფორმაცია სიმონზეც დააგროვეს.
საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა ესპანურმა გამოცემამ „GOL digital“. აღმოჩნდა რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ მამარდაშვილის თავის გუნდში ხილვა სურს. მაგრამ, გიორგის სათადარიგო მეკარეობა არ უნდა, იან ობლაკის დარჩენის შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, ასეც მოხდება, შესაბამისად, ტრანსფერი მხოლოდ მაშინ განხორციელდება, თუ სლოვაკი მეკარე მადრიდულ კლუბს დატოვებს.
ბრაზილიური „გრემიოს” ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი კი მომავალ წელს „ინტერ მაიამიში” უახლოეს მეგობარ ლიონელ მესის შეუერთდება.
სუარესი ამჟამინდელ კლუბს დეკემბერში დატოვებს. ამის შემდეგ ის მზად იქნება ყოფილ ბარსელონელ თანაგუნდელებთან, ლიონელ მესისთან, სერხიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან ერთად ამერიკულ კლუბ „ინტერ მაიამიში“ითამაშოს
სუარესმა მაიამის „ინტერის“ წარმომადგენლებთან ელექტრონული წერილები უკვე გაცვალა. თავდაპირველად მას ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ. გარდა ამისა, კონტრაქტი შეიძლება გაგრძელდეს გარემოებების მიხედვით.
ავტორი