ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოხვაურში სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებით საბავშვო ბაღი უნდა აშენებულიყო. ამ დროისთვის მშენებლობის მხოლოდ მცირე ნაწილია დაწყებული. აბრაზე განთავსებული ინფორმაციით კი, მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულებულიყო.

„გურია ნიუსმა“ ბაღის მშენებელობის სამომავლო გეგმის შესახებ სოფელ ბოხვაურის დეპუტატს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გელა ჩავლეშვილს ჰკითხა.
„ბოხვაურში საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროექტი ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტით. კერძოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით. მშენებლობის ვადების დარღვევის თაობაზე საქმის კურსშია ყველა ინსტანცია. დასახულია შესაბამისი ღონისძიებები. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა უახლოეს მომავალში ბოხვაურს ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი“, _ გვითხრა გელა ჩავლეშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩარიცხული თანხებიდან „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს. შედეგად, პროექტით გათვალისწინებული 22 საბავშვო ბაღი არ აშენებულა.
„გურია ნიუსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ავტორი






























































