კიდევ ერთი კარგი სიახლე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიდან. სანდრო მამუკელაშვილის 54-ე პიკად არჩევი შემდეგ, რომელიც ახალ სეზონს მოქმედ ჩემპიონ, „მილოუკი ბაქსში“ დაიწყებს, კიდევ ერთ, წარმოშობით ქართველ კალათბურთელს, გიორგი ბეჟანიშვილს მიეცემა NBA-ში თამაშის შანსი. სანდროს მსგავსად, გიორგიც 2021 წლის დრაფტზე იყო გასული, თუმცა ის არცერთმა გუნდმა არ აირჩია. ამის მიუხედავად, მას შანსი „დენვერ ნაგეთსმა“ მისცა. გიორგი დენვერს NBA Summer League-ზე შეუერთდება და თავის გამოჩენის შემთხვევაში კონტრაქტის გაფორმების შანსიც ექნება, რისი პოტენციალი გიორგის ნამდვილად გააჩნია.
206 სანტიმეტრის მძიმე ფორვარდი (ხშირად ცენტრზეც თამაშობს) წარმოშობით საქართველოდანაა, თუმცა ამჟამად ავსტრიის მოქალაქეა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ გუშინ ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების წევრის, ბექა ბურჯანაძის ახალი გუნდი. ბექა კარიერას ისევ ესპანეთში, კერძოდ სევილიას „ბეტისში“ გააგრძელებს.
სევილიელები ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობენ. გაულ სეზონში 19 გუნდში მე-16 ადგილი დაიკავეს და ამის გამო ეს გუნდი ახალი სეზონისთვის სერიოზულად ძლიერდება. გამოცდილმა მწვრთნელმა ხოან პლაზამ ბექას გარდა ლატვიის ნაკრების უკანახაზელი დაირის ბერტანსიც დაიმატა.
ბექასთვის სევილია უცხო ქალაქი არ არის – 27 წლის კალათბურთელი სევილიის „კახასოლში“ 15 წლის ასაკში ჩაირიცხა.
სხვადასხვა დროს ბექას „ლა კორუნიაში“, „ანდორაში“, „გიპუსკოასა“ და „გრან კანარიაში“ უთამაშია.
[sexy_author_bio]