სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ოფისში ანტიკორიფციული ბიუროდან წერილი მიიღეს.
“დღეს ჩვენმა ორგანიზაციამაც მიიღო წერილი კუპრაშვილის კანტორისგან. ანტიკორუფციული ბიურო დაკავებულია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით. იმის ნაცვლად, რომ შეისწავლონ რეალური კორუფციული ფაქტები, კუპრაშვილი და მისი დირექტორები აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნას. რაჟდენი „ვერ ხედავს“ ჩინოვნიკების დაუსაბუთებელ მილიონობით ლარის ქონებას, არ იმჩნევს აღვირახსნილ კორუფციას ყველა დონის სახელმწიფო უწყებაში, მაგრამ ებრძვის ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, დღიდან დაფუძნებისა, ემსახურებიან ქართულ საქმეს. კუპრაშვილის და მისი დამკვეთების თავდასხმას ერთი მიზანი აქვს – გააქროს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება, მედია და, ზოგადად, თავისუფალი ადამიანები, რათა საბოლოოდ საქართველო აქციოს რუსეთის უკანა ეზოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვაპირებ რუსული კანონებით ცხოვრებას! როგორც გუშინ მოლდოვაში, მალე აქაც დამარცხდება რუსული რეჟიმი.” – წერს ფეისბუქზე სამოქალაქო აქტივისტი, ოთარ რევიშვილი.



































































