სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და ISFED ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაღალი თანამდებობის პირები მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებასა და სიების შედგენას ავალებენ.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ აქვთ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
„ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დამკვირვებლებთან საუბარისას განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით მათ გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს.
მათივე ინფორმაციით, სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველსავე ტურში მოიპოვოს. ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი სიების შედგენას წინა ხელისუფლების დროსაც ავალებდნენ“, _ აღნიშნულია განცხადებაში.