რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს. ვიდეოების ავტორი ვინმე ეკატერინე სტეფანოვა გახლავთ. ვიდეოში ჩანს, რომ ღონისძიებაზე იმყოფებიან საქართველოში მცხოვრები ქართველი შემსრულებლები, სოსო პავლიაშვილთან ერთად, “სამშობლოს” მღერიან: ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და მიშო სულუხია.
“მადლობა, რომ ჩვენ ყველა ერთად ქართულად ვმღერით! ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჩვენ ვიმარჯვებდით, ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ყოველთვის”, – რუსულ ენაზე ასე მიმართა პავლიაშვილმა შეკრებილ აუდიტორიას.
საღამოსთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ხვიჩა მაღლაკელიძემაც. მან დაადასტურა, რომ მომღერლები მოსკოვში ნამდვილად იმყოფებოდნენ.
„კონცერტი არ ყოფილა, კორპორატიული საღამო იყო. სამი დღის წინ გაიმართა. ასეთზე ვყოფილვარ მილიონზე, სად არ ჩავსულვარ. რა ამბავი ატყდა, რა მოხდა. ახლა მოსკოვში ვარ და დღეს მოვფრინავ…
ხშირად მაქვს ურთიერთობა აქაურ ქართველებთან, კიდევ კარგი „სამშობლოს“ ვმღეროდით და არა „კატიუშას“. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ შინ და გარეთ, ეს ყველაფერი ჩაივლის, ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელად“,- უთხრა „Ambebi.ge“-ს ხვიჩა მაღლაკელიძემ.