მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძის განცხადებას ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძემ უზბეკეთში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ჩვენ იმისათვის გვჭირდება ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა ჩვენს კანონმდებლობაში, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს ღალატის პრევენცია”.
„ომის დაწყებამდე, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმი ომს დაიწყებდა, ერთი თვით ადრე დააინიცირეს შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში და ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში მიიღეს კანონი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას. ანუ, კონკრეტულ ძალებს ჰქონდათ დაგეგმილი ღალატი, ეს ღალატი ჩაიდინეს და ამისათვის ამოიღეს ღალატის შესახებ მუხლი, არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსიდან, არამედ, საქართველოს კონსტიტუციიდანაც კი. ანუ, ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღალატის ქრონიკა და საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებიც იყო ამისი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ იმისათვის გვჭირდება ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა ჩვენს კანონმდებლობაში, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს ღალატის პრევენცია. სრულ პრევენციას ვერც ერთი კანონი ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ, კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ, მომავალში ჩაიდინონ სამშობლოს ღალატი. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური გათვლა”, – განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.