ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას მიერ აქციაზე ელექტრონული სამაჯურის მოხსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მელიას დაკავება პოლიტიკურად არასწორი იქნება.
“ეს არის უხეში კანონდარღვევა და კანონდარღვევასთან ერთად კიდევ უფრო მძიმეა, რომ ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია. როდესაც ამ ასაკის კაცი მუდმივად გამოირჩევა პროვოკაციებით, ეს ძალიან მძიმედ მეტყველებს მასზე და მის თვისებებზე. ამაზე მე არ გაგცემთ პასუხს, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. თუმცა, პოლიტიკურად მე ვიტყოდი, რომ ეს არ იქნება სწორი. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე. ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად, ეს არის უკვე სხვა საქმე”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. როგორც მელიამ განაცხადა, აღარ აპირებს სამაჯური ატაროს რადგან ის უსამართლობის სიმბოლოა.
“მთავარია შენ თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენ თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც ვერ ვუღალატებთ. და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას, გამორიცხული ამბავია, მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია”, – თქვა ნიკა მელიამ.