იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტში დაბრუნდება კანონის მოქმედი რედაქციის ის მუხლი, რომლის თანახმად, კანონის შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და შესაბამისი ცნობა მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს.
„ვენეციის კომისიის მოსაზრება იყო, რომ ან მომხდარიყო ამ საკითხის ამოღება, ან ლეგიტიმური მიზნების უფრო დაკონკრეტება. ჩვენ თავიდან გადაწყვიტეთ, რომ ამ მუხლის ამოღება შეიძლება უფრო მიზანშეწონილი ყოფილიყო, თუმცა ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მაქსიმალურად მკაცრი მიდგომები უნდა იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით ნარკოტიკული საშუალების რეალიზებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დავაინიცირეთ კონკრეტული პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ახალი ტიპის ნარკოტიკული საშუალებების დოზებს, რომლებზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, კონკრეტული კვლევა ჩაატარა.
ნარკოპოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს მიდგომა, მითუმეტეს, ეს უნდა შეხებოდეს თანამდებობის პირს. თანამდებობის იმ პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უარს ამბობს ნარკოტესტის გავლაზე, სანდოობა ვერ ექნება. პირველი მოსმენის დროს, დათქმით ვამბობდი, რომ თუ განხილვების დროს ყველა არ დაუჭერდა მხარს ამ საკითხს, ისე გამოვიდოდა, რომ თითქოს მხოლოდ ჩვენი ინიციატივაა ნარკოტესტების გაუქმება. აქედან გამომდინარე, მე ამ საკითხს უკან ვაბრუნებ და გთავაზობთ, რომ დავტოვოთ მოქმედი ნორმა”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში ჩაიწერა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დაკავებაზე, დაპატიმრებაზე და პასუხისგებაში მიცემაზე საქართველოს პარლამენტის თანხმობაა საჭირო, თუმცა უფლებამოსილების შეჩერების საკითხი ღიად იყო დარჩენილი.