საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი განიხილა.
დოკუმენტი განსახილველად კომიტეტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა წარუდგინა. ცვლილების თანახმად, წესრიგდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა თანამდებობაზე განწესებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონს ემატება კომისიის წევრის შერჩევის პრინციპები. კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მთავრობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იქმნება სათანადო შესარჩევი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით. კომისია გადაარჩევს განაცხადებს და გასაუბრებას მართავს ყველა იმ კანდიდატთან, ვინც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამის შემდეგ საკონკურსო კომისია მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით.
პროექტი ასევე ითვალისწინებს კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და პროცედურებს. საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა: კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 15 დღეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.
მომხსენებლის თქმით, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები ხორციელდება ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად.
„ანალოგიური ვალდებულება გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდანაც, რომელთა შესრულებაზეც არის დამოკიდებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.