პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „მეწარმეთა შესახებ” კანონში ცვლილება განიხილა.
კანონპროექტით, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2024 წლის 1 იანვრისა, შეუნარჩუნდება შესაძლებლობა უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით.
ცვლილების თანახმად, მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 1 წლამდე ვადით შეუჩერდება რეგისტრაცია, რის შესახებაც მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. ასეთი საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემები მიეწოდება შესაბამის სამსახურებს, რასაც შედეგად მოჰყვება ამ საწარმოს ფუნქციონირების შეზღუდვა როგორც სამეწარმეო, ასევე ფინანსური მიმართულებით. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იქნება აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე. რეგისტრაცია აღდგება ვალდებულების შესრულებისთანავე.
რეგისტრაციის შეჩერების პერიოდშიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2026 წლის 1 იანვრიდან მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის თაობაზე და ადგენს 3-თვიან ვადას ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ საწარმო ამ ვადაშიც არ წარადგენს განცხადებას ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას მეწარმის ან/და ფილიალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება არ გავრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეზე. ასევე, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა არ იქნება სავალდებულო ხასიათის, ეს იქნება მისი უფლებამოსილება და განახორციელებს ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში.