პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებას.
კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა მარიამ ლაშხმა წარადგინა. კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის პირველი აპრილიდან საქართველოში ამოქმედდა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის/განლაგების მოთხოვნები, მათ შორის, შეფუთვის ფერი, წარწერები, ნიშნები.
აღნიშნული წესი ვრცელდება სიგარილაზეც. თამბაქოს სხვა ნაწარმისგან განსხვავებით, სიგარილა უმეტესად ხელით მზადდება. შესაბამისად, სიგარილას შეფუთვაზე, შეფუთვის სტანდარტიზების მოთხოვნების გავრცელება კანონოპროექტის ინიციატორებს ტექნიკურად რთულ და ეკონომიკურად არაგონივრულ მოთხოვნად მიაჩნიათ.
როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სიგარილაზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც ვრცელდება სიგარაზე. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სავალდებულო აღარ იქნება სიგარილასთვის, გამარტივდება წარმოების პროცესი, ასევე, შემცირდება იმპორტიორებისთვის დამატებითი ხარჯები, გაუმჯობესდება სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მდგომარეობა.


































































