პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში” ცვლილება განიხილა.
„თავდაცვის კოდექსში” დროებითი ნორმის ჩაწერა იგეგმება, რომელიც 2024 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს. საუბარია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანაზე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 1 იანვრიდან თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი განახორციელებს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვასთან მიმართებაში, მომავალი წლის 1 იანვრამდე გაწვევის სისტემაში სიცარიელე არ შეიქმნას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „თავდაცვის კოდექსში” ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მოამზადეს, რომლის თანახმადაც, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს მუნიციპალიტეტების მერიაში შექმნილი სტრუქტურული ერთეული და თბილისის რაიონების გამგეობების სტრუქტურული ერთეული განახორციელებს. მისივე განმარტებით, აღნიშნული ნორმა დროებითია და იგი 2024 წლის 1 იანვრამდე იქნება ძალაში.
კანონპროექტს, რომლის განხილვაც დაჩქარებული წესით არის მოთხოვნილი, კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.