საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პირად ფოტოგრაფ გია ჯაველიძეს ქალბატონ კონდოლიზა რაისთან უცნაური „კონტაქტი“ ჩამოუყალიბდა. ამ ამბავს გია ჯაველიძე შემდეგნაირად იხსენებდა.
„ცოტა ინგლისური ვიცი და პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტის დროს ბუშის პირად ფოტოგრაფს დავუახლოვდი. სხვათა შორის, ბუში ბრწყინვალე მსახიობია. იცის, როცა უნდა გადაიღონ და კარგად დამუშავებული მიმიკები და ჟესტები აქვს პოზირებისთვის. შეხვედრების შემდეგ ორივე პრეზიდენტს ისეთი შეცვლილი სახე ჰქონდა, გაგიკვირდებოდა. პირველი დაძაბულობა მთლიანად გაქრა და ოვალურ კაბინეტში მეგობრული ატმოსფერო შეიქმნა. ბუნებრივია, შანსი ხელიდან არ გამიშვია და ორივე პრეზიდენტის შუაში გამოჭიმვა მოვასწარი, სურათის გადასაღებად.
შემდეგ სააკაშვილი ქალბატონ კონდოლიზა რაისს უნდა შეხვედროდა. აპარატი მოვიმარჯვე და ბუშის მრჩევლის გამოჩენას დავუწყე ლოდინი.
იქ ყოფნისას თავიდანვე თვალში მომხვდა ლამაზი, შავკანიანი ქალბატონი, რომელიც მოკრძალებულად იდგა კედელთან. გადასაღებად ვემზადები და ის ქალბატონი ახლა ჩემ შორიახლოს აღმოჩნდა. ვთხოვე, ოდნავ გვერდით გაწეულიყო, რომ ხელი არ შეეშალა მრჩევლის გადაღებაში.
წავიდა, წავიდა და სააკაშვილის მოპირდაპირედ, სავარძელში არ ჩაჯდა?! ლამის აპარატი გამივარდა! არა მგონია, შეუმჩნეველი დარჩენოდათ. კადრები ინსტინქტურად გადავიღე და კედელთან გადავინაცვლე, თვალში არავის მოვხვედროდი“.