კონგრესმენები აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინასა და საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. სტივ კოენი, კონგრესმენი ჯო უილსონი, კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი საქართველოსთვის ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის (MNNA) სტატუსის მინიჭების თაობაზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართავენ. ამის შესახებ საუბარია კონგრესმენების მიერ აშშ-ის პრეზიდენტისათვის გაგზავნილ წერილში.
„საქართველოს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან და რუსული ოკუპაციისა და საფრთხეების წინაშე დგას, ასევე უნდა მიენიჭოს ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის ჭეშმარიტი გამოხატულებაა და ასევე არ ავალდებულებს აშშ-ს სამხედრო მოქმედებებს”,_ ნათქვამია წერილში.
მათი მოსაზრებით, ამ საკითხში აშშ-ის არასაკმარისი მხარდაჭერა პუტინს თავისი ნეოკოლონიალური მიზნების განხორციელების საშუალებას მისცემს.
„აშშ-მა გაცილებით პროაქტიული პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ აშშ მუდმივად მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ნატოში, რუსეთის ოკუპაციამ და მიმდინარე აგრესიამ გამოააშკარავა ევრო-ატლანტიკური სივრცის გაფართოების ხანგრძლივად შეჩერებული პროცესის ტრაგიკული შედეგები. საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე აშშ-ის ძლიერი და პროაქტიული მხარდაჭერის გარეშე, პუტინი შეძლებს მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას საკუთარი განზრახვის შესასრულებლად – თავდაყირა დააყენოს ევროპის უსაფრთხოება და თანამშრომლობა და სისრულეში მოიყვანოს თავისი ნეოკოლონიალური ზრახვები”- ნათქვამია კონგრესმენების წერილში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიას ეხება.