ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ შორენა სიხარულიძის ინფორმაციით, დაბაში მდებარე სამრევლო სკოლა, ვანზომლეთის სკოლა, პირველი საჯარო სკოლა და ფარცხმის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტნანციურ რეჟიმში აგრძელებენ.
დისტანციური სწავლების მიზეზი სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გახდა.
„დაბაში მდებარე სამრევლო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, რადგან მასწავლებელს დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება, რომელიც საარჩევნო კომისიაში იყო.
ვანზომლეთის სკოლაში 2 მასწავლებელს დაუდასტურდა და გადასულები არიან სრულად დისტანციურ სწავლებაზე, თუმცა, 2 მასწავლებლის გარდა მეტს არავის დადასტურებია.
დღეს კიდევ 2 სკოლის მასწავლებელს დაუდასტურდა. პირველ საჯარო სკოლაში მასწავლებელს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც შემთავსებელი მასწავლებელია და სკოლა დღეს გადავიდა სრულად დისტანციაზე, ასევე, დაუდასტურდა ფარცხმის საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელს. ის არ არის პედაგოგი და ბავშვებთან შეხება არ ჰქონია, მას და მის მეუღლეს დაუდასტურდათ კორონავირუსი და ეს სკოლაც გადასულია დისტანციურ სწავლებაზე“, _ამბობს სიხარულიძე.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეგულაციების მკაცრი დაცვა სკოლებში კორონავირუსის მასობრივ გავრცელებას ხელს უშლის და იმედოვნებს, რომ მოსწავლეები საკლასო ოთახებში მალე დაბრუნდებიან.
„რეგულაციებს ვიცავთ და ამის ნიშანი ის არის, რომ ვისაც დაუდასტურდა ეს მასობრივად გავრცელებას არ ჰპოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგულაციების მკაცრი დაცვა ამ სიტუაციას შველის, სხვა შემთხვევაში, ალბათ, ძალიან ბევრი მასწავლებელი და ადმინისტრაციის წევრი იქნებოდა დაინფიცირებული, რაც, ჯერჯერობით, არ გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ ვირუსის მასობრივი გავრცელება არ გვექნება, რადგან მკაცრად არის ყველა რეგულაცია დაცული, მათ შორის პირბადე, დისტანცია, სადეზინფექციო საშუალებებით ხშირი წმენდა, განიავება და ა.შ. ვიმედოვნებ, რომ როგორც სხვა სკოლებში იყო და არ იყო მასობრივი გავრცელება სკოლის ადმინისტრაციაში, პედაგოგებში, მოსწავლეებში, ასევე, იქნება ამ 2 სკოლაშიც და ალბათ, 12 დღის შემდეგ აღვადგენთ საკლასო ოთახებში სწავლას“,_ გვეუბნება სიხარულიძე.
შორენა სიხარულიძის ინფორმაციით, პანდემიის ფონზე სკოლებში მოსწავლეთა გაცდენები მაღალი არ არის.
„მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა, ყოველდღე ვითხოვთ ინფორმაციას სკოლებიდან მოსწავლეთა დასწრებასთან დაკავშირებით. გაცდენები არ არის მაღალი. მთელი მოსწავლეების 29% იყო გუშინ და 30%-ია დღეს. შევხედავთ სიტუაციას და შემდეგ უკვე ჯანდაცვის რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედებთ“,_ ამბობს სიხარულიძე.
ჩოხატაურში სულ კორონავირუსით ინფიცირების 164 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა- 85 ადამიანი.
გასული 24 საათის განმავლობაში, გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 95 შემთხვევა გამოვლინდა.






























































