გურიაში კოვიდინფიცირების მე-19 შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებული პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი პირია.
პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ ვინაიდან ეს არის მშენებარე დაწესებულება, იქ დასაქმებულ პირს არანაირი შეხება არ აქვს არც პატიმრებთან, არც იუსტიციის სამინისტროს ან პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებთან.
უწყება აღნიშნავს იმასაც, რომ მშენებარე დაწესებულების გარე პერიმეტრს იცავს გარე დაცვის სამსახური, რომლის თანამშრომლები მხოლოდ პერიმეტრზე მორიგეობენ და სპეციალური დამცავი საშუალებებით არიან აღჭურვილნი (პირბადე, ხელთათმანი და ა.შ.).
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია ამბობს, რომ რეგიონში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება, რადგან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია.
გურიაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები ერთ-ერთ ფართომასშტაბიან ღონისძიებას უკავშირდება.
გურია ინფექციის ქვეყანაში ცირკულირების დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში ინარჩუნებდა მწვანე ზონის სტატუსს.