გუშინ საღამოს, ბევრმა, სოციალური ქსელის მეშვეობით, კოლეგების ემოციური პოსტებიდან შეიტყო, რომ სამტრედიის მეთორმეტე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მოქმედი პედაგოგი, მზევინარ ბაღდავაძე გარდაიცვალა.
72 წლის ქალბატონს კორონავირუსი, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაუდგინდა. ვინაიდან რისკჯგუფს წარმოადგენდა, სამტრედიელი პედაგოგი საჩხერის კლინიკაში მაშინვე გადაიყვანეს, სადაც გარდაცვალებამდე მკურნალობდა. მზევინარ ბაღდავაძე გარდაცვალებამდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სამტრედიის მეთორმეტე საჯარო სკოლაში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამდე რამდენიმე პედაგოგს დაუდასტურდა ვირუსი. სკოლას ათზე მეტი კოვიდინფიცირებული პედაგოგი ჰყავს. რამდენიმე გამოჯანმრთელდა, რამდენიმე კვლავ რჩება კლინიკებში.
ყველასათვის საყვარელ და თავისი ნიჭით გამორჩეულ, მრავალი თაობის აღმზრდელ პედაგოგს, მზევინ ბაღდავაძეს ხვალ სამტრედიაში დაკრძალავენ.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს მზევინარ ბაღდავაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს.