ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ კორპუსიდან ძაღლი გადმოაგდეს. ცხოველი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე ცხოველთა დამცველები იმყოფებიან.
ცხოველთა უფლებადამცველმა ლია მგელაძემ „აჭარა თაიმსს“ უთხრა, რომ ადგილზე მივიდა პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელებისთვის ცნობილია ის ბინა, საიდანაც, სავარაუდოდ, ძაღლი გადააგდეს.
ძაღლი მიუსაფარია, ყურზე შესაბამისი საიდენტიფიკაციო ბირკა ჰქონდა, რაც ადასტურებს, რომ იგი აღრიცხული და ვაქცინირებული იყო.
ცხოველთა დამცველები აღნიშნავენ, რომ ბათუმში კორპუსიდან ძაღლის გადაგდების ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავს ფაქტებზე პასუხისმგებლობის საკითხის მკაცრად დაყენებას მოითხოვენ.






























































