კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. სასაზღვრო ქალაქ მიტროვიცაში განგაშის სიგნალი იყო ჩართული. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა მთავარი ავტომაგისტრალები სატვირთო ავტომობილებით გადაკეტეს. ადგილზე კოსოვოს სწრაფი რეაგირების ძალები გამოჩნდნენ. ისმოდა სროლის ხმაც.
არეულობა კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, დღეიდან, კოსოვოში სერბეთის მიერ გაცემული სატრანსპორტო დოკუმენტებითა და სანომრე ნიშნებით გადაადგილება უნდა აკრძალულიყო.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კოსოვოს ხელისუფლებას მშვიდობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა და აგრესიის გამოვლენის შემთხვევაში, ძალის გამოყენებით დაიმუქრა. მას შემდეგ, რაც პრიშტინას ამერიკის ელჩმა მიმართა, კოსოვოს ხელისუფლებამ რეგულაციები ერთი თვით გადადო.