სპორტსმენები, რომლებიც ასპარეზობენ ისეთ სახეობებში, როგორიცაა კრივი და შერეული ორთაბრძოლები, ექვსი წლის შემდეგ ეწყებათ ტვინის მოქმედების დარღვევა, ხოლო ის, ვინც 12 წელიწადზე მეტხანს მისდევს ამ საქმეს, ყოველი ბრძოლით საფრთხეს უქმნის თავის ჯანმრთელობას.
“Los Angeles Times”-ის მონაცემებით, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ლას ვეგასის კლინიკური ცენტრის მეცნიერები.
“აღმოვაჩინეთ, რომ ტვინის მოქმედება ირღვევა სიმპტომების გამოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი დოქტორი ჩარლზ ბერნიკი. – ასეთი სურათი შეინიშნება ალცჰაიმერითა და პარკინსონით დაადავებულ პაციენტთა შორის.
ბოლო წლებში ლას ვეგასის კლინიკურ ცენტრში ბერნიკმა მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული გამოკვლევა ჩაუტარა დაახლოებით 170 სპორტსმენს. ამ გამოკვლევებისთვის 12 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მეცნიერმა გაარკვია, რომ ტვინის უჯრედები მოკრივეებში კვდომას იწყებენ ექვსწლიანი ასპარეზობების შემდეგ.
ბერნიკს იმედი აქვს, რომ მისი მონაცემთა ბაზის მიხედვით ნევროლოგები შეძლებენ მაქსიმალურად ადრე განსაზღვრონ ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის დაწყება – თავის ტვინის არაანთებითი დაავადება, რომელიც წარმოიქმნება თავის არეში მიღებული დარტყმით გამოწვეული მრავალრიცხოვანი მიკროშერყევებისა და თავის ტვინის სხვა დაზიანებების შედეგად.
დაავადების სიმპტომები აისახება მეხსიერების დაკარგვაში, აგრესიასა და გონებრივი ქმედითუნარიანობის დაქვეითებაში.
მოჩხუბრები, როგორც წესი, აქტიური სპორტული ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გადიან მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას. საგულისხმოა, რომ დღემდე არ არსებობს ერთიანი და მკაფიო აზრი, სამედიცინო მაჩვენებლებით როდის უნდა შეწყვიტოს სპორტსმენმა კარიერა.
“გვმართებს მუდმივად თვალყური ვადევნოთ სპორტსმენთა ჯანმრთელობას, დაწყებული მათი კარიერის ადრეული ეტაპებიდან, – ამბობს ჩარლზ ბერნიკი. – თუ ვინმეს რამე აქვს დაზიანებული, უნდა შეიზღუდოს ორთაბრძოლათა რაოდენობა. ათლეტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა შევიმუშაოთ მოქმედების ერთიანი მეთოდიკა”.
ცოტა ხნით ადრე ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გიოტებორგის უნივერსიტეტის სალგრენის სამედიცინო აკადემიის მეცნიერები.
შვედი სწავლულების განმარტებით, სამოყვარულო კრივმა შეიძლება დააზიანოს თავის ტვინი იმ შემთხვევაშიც კი, თუ სპორტსმენი არ ჩაუგდიათ ნოკაუტში და მაშინაც, თუ მოკრივე დამცავი ჩაფხუტით ასპარეზობს.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები 30 შვედ მოკრივეზე დაკვირვების შედეგად. ყველა მათგანს, სულ მცირე, 47 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.
ექიმებმა თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობაა გააანალიზეს, თავდაპირველად მატჩიდან ერთი კვირის, მერე კი – ორკვირიანი შესვენების შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ გამოკვლევის არც ერთი ობიექტი კარიერის განმავლობაში ნოკაუტში არ აღმოჩენილა.
სპორტსმენთა შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მატჩიდან ერთი კვირის შემდეგ მოკრივეთა 80 პროცენტს აღენიშნებოდა ტვინის დაზიანება, ხოლო 20 პროცენტს ასეთივე ნიშნები ჰქონდა დასვენების შემდეგაც.
“გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოკრივეებს ორთაბრძოლის შემდეგ ტვინის სითხეში ოთხი სხვადასხვა სახის პროტეინები მომატებული ჰქონდათ, რაც ტვინის ნერვული უჯრედების დაზიანებაზე მიუთითებს. პროტეინების ორი სახეობის შემცველობა მოჭარბებული რჩებოდა დასვენების შემდეგაც”, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი სანუ ნესელიუსი, რომელიც ადრე თავადაც მოკრივე იყო.