კულტურის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „სასაქონლო ნიშნების შესახებ” და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე იმსჯელა.
საკითხზე მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სასერტიფიკაციო ნიშნების ცნების შემოტანა ქართულ რეალობაში.
მისივე თქმით, ცვლილებების შედეგად ხდება საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის კლასიფიცირება, რათა ზუსტად განისაზღვროს კონკრეტული პირის განსაკუთრებული უფლებები და ამ უფლებების დაცვის ფარგლები. ასევე, ერთი თვით შემცირდება სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის ჩატარების ვადა და გამარტივდება ექსპერტიზის პროცედურა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იზრდება იმ ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებები, რომლებიც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცესში არიან ჩართული.
„რეგულაცია და საკანონმდებლო პაკეტი ხელს უწყობს ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივებას, ამავდროულად, არსებული პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე, მოქალაქის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას”, – განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
წარმოდგენილ ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.