ახლა უკვე შესაძლებელია, რომ თან მსოფლიოს სახელგანთქმული ადამიანების მეზობელიც იყოთ და თან განმარტოებითაც ცხოვრობდეთ.
ამერიკული მას-მედიის ცნობით, ერთ-ერთმა რიელტორულმა ფირმამ გასაყიდად გამოიტანა პატარა კუნძული, რომელიც ტერიტორიულად ბაჰამის კუნძულებზე მდებარეობს.
ამ „საოცრების“ ფასი სულ მხოლოდ 15 მილიონი დოლარია. ამ ადგილის მომავალ მფლობელებს ერთი „პირობის“ შესრულება მოუწევთ: კუნძულზე მხოლოდ პატარა თვითმფრინავის დასაჯდომი ბილიკი უნდა ააგონ, რათა გვერდზე მცხოვრები მეზობლები საჰაერო ტრანსპორტის ხმაურმა არ შეაწუხოს.
თუ ამ კუნძულის ყიდვას გადაწყვეტთ, გაცნობებთ, რომ თქვენი მეზობლები მსახიობები ჯონი დეპი, ნიკოლას კეიჯი და ედი მერფი იქნებიან.
წინა მფლობელმა ამჟამად გაყიდვაში გამოტანილი კუნძული 650 ათას დოლარად, ოცი წლის წინ შეიძინა. სამწუხაროდ ამის შემდეგ ამ ადგილის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.