თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილებას რაინდულ საქციელს უწოდებს.
მეჭიაურმა Imedinews-ს განუცხადა, რომ თუ ქუცნაშვილმა სინდისის ქენჯნა იგრძნო და რამე გადაცდომას ჰქონდა მისი მხრიდან ადგილი, ეს დასაფასებელია.
„დიდ პოლიტიკას აღარ ვადევნებ თვალს და არ მაქვს ინფორმაცია, რა მოხდა. მე ადრეც ვამბობდი, რომ პარლამენტში მისი ყოფნა თავიდანვე შეცდომა იყო. ასევე, მას ვუწოდე შაჰიდის ქამარი „ქართული ოცნებისთვის“ და თუ იქ აღარ იქნება, უბედურებაც აღარ მოხდება და აღარ აფეთქდებიან“, – თქვა თამაზ მეჭიაურმა.
ზაქარია ქუცნაშვილი და თამაზ მეჭიაური ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ და ერთმანეთის მიმართ ხშირად შეურაცხმყოფელ ეპითეტებსაც არ იშურებდნენ.
ქუცნაშვილი მიიჩნევდა, რომ მეჭიაური, რომელსაც განსაკუთრებით 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში დაუპირისპირდა, „უზნეო ცხოვრების წესით“ ცხოვრობს და „მავნე ზეგავლენას ახდენს“ თიანეთის მოსახლეობაზე.
თავის მხრივ, თამაზ მეჭიაური ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნასაც ითხოვდა.
ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. მან თავის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ამასთანავე ბოდიშიც მოუხადა.
„მე არ მაქვს თანამდებობა პარლამენტში, ერთადერთი რაც მაქვს, არის დეპუტატის თავისუფალი მანდატი. ამიტომაც მე დღეს ვაცხადებ, მზად ვარ დავტოვო დეპუტატის თავისუფალი მანდატი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
გუშინ პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა.
წყარო: იმედინიუსი